სატერმინალო ბიზნესის პროტესტმა შედეგი გამოიღო - ამის თაობაზე საკონტეინერო და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლების მიერ ფოთში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გახდა ცნობილი.
სასამართლომ დააკმაყოფილა კონკურენციის სააგენტოს მიმართვა და შეაჩერა „კორპორაცია ფოთის პორტის" გადაწყვეტილება, რაც უკვე 1 ივლისიდან შედიოდა ძალაში და გულისხმობდა პორტის მიერ კონტეინერების ინტეგრირებული საპორტო და სატერმინალო მომსახურებისა და კომბინირებული ტარიფების დაწესებას. ამ გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ საზღვაო-საკონტეინერო ხაზების აგენტები, ანუ ტვირთის მფლობელები, იძულებულნი იქნებოდნენ კონტეინერები მხოლოდ ბუნებრივი მონოპოლისტის, ფოთის პორტის კუთვნილ საკონტეინერო ტერმინალში დაემუშავებინათ. შედეგად, ზუსტად ანალოგიური საქმიანობით დაკავებული ყველა სხვა საკონტეინერო ტერმინალი, ფაქტობრივად გაჩერდებოდა.
სახმელეთო-საკონტეინერო ტერმინალის „კავტრექსფოთის" ხელმძღვანელის რობერტ გვაზავას თქმით, მიღწეულია მაქსიმალური შედეგი. ძალაში ვეღარ შევა პორტის მიერ დანაშაულებრივად და უსამართლოდ დაწესებული კონტეინერების ინტეგრირებული საპორტო და სატერმინალო მომსახურება და კომბინირებული ტარიფები. შესაბამისად, ზუსტად ანალოგიური საქმიანობით დაკავებული ყველასხვა საკონტეინერო ტერმინალმა და დასაქმებულმა 5000-მდე ადამიანმა,ბიზნესი და სამუშაო შეინარჩუნა.
„ჩვენ ველოდით ამ შედეგს და ძალიან გვიხარია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება დროულად გამოეხმაურა ჩვენს პროტესტს და შესაბამისად იმოქმედა. მადლობელი ვართ ბიზნესომბუდსმენის და კონკურენციის სააგენტოსი. რა თქმა სასამართლოსი, რომელმაც გაითვალისწინა საკითხის დროში შეზღუდულობა და თავისი სწორი გადაწყვეტილება დროულად გამოიტანა.
მინდა გაგახსენოთ, რომ სახმელეთო ტერმინალებმა და ლოგისტიკურმა კომპანიებმა 14 ივნისს ფოთში, პორტის მიმდებარედ ფართმასშტაბიანი გამაფრთხილებელი აქცია მოვაწყვეთ და კონკურენციის სააგენტოსგანმოვითხოვეთ საკითხის შესწავლა და მისი შეფასება, როგორც „კორპორაცია ფოთის პორტის" მიერ თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვა. ჩვენი მოთხოვნა იყო ასევე, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან სასამართლოსადმი მიმართვა, რათა საკითხის სამართლებრივად და საბოლოოდ გარკვევამდე შეჩერებული იქნას აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლა. სააგენტომ მართლაც უმოკლეს ვადებში მოახერხა საკითხის შესწავლის დაწყება და პორტის ამ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვა"- აღნიშნა გვაზავამ.
კომპანია „ისთ გეით ჯგუფის" გენერალური დირექტორის, კოტე მესხის თქმით, ფოთის პორტის ამ უგუნური და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაერთიანდა ყველა სატერმინალო კომპანია, მათი მოსაზრებები და მიდგომები გაიზიარა ბიზნესომბუცმენმა და კონკურენციის სააგენტომაც.
„დიდი იმედი გვქონდა, რომ ჩვენი სამართლიანი პროტესტი ლოგიკურ დასასრულემდე მივიდოდა და მოხარულები ვართ, რომ ასეც მოხდა. ამ პროცესში, საგულისხმო იყო ისიც, რომ ჩვენს პოზიციას იზიარებენ ასევე საზღვაო-საკონტეინერო ხაზების აგენტები, ანუ ტვირთის მფლობელები. გასულ კვირას, მათ წერილით მიმართეს პრემიერს, ვიცე-პრემიერს, ბიზნესომბუცმენს და კონკურენციის სააგენტოს და სთხოვეს მათ დროული რეაგირება ამ პრობლემატურ საკითხზე. მსოფლიოს უმსხვილესი საკონტეინერო ხაზების წარმომდგენლები (CMA CGM Georgia; EISA LTD; MSC Georgia; LLC; ZIM Integrated Shipping Services Georgia LTD; BSA Georgia LTD და FORMAG Georgia LTD) პირდაპირ წერდნენ: „ჩვენი თხოვნაა, რომ „კორპორაცია ფოტის საზღვაო ნავსადგურს", როგორც ბუნებრივ მონოპოლისტს, არ მიეცეს უფლება გამოაცხადოს კომბინირებული ტარიფი კონტეინერის საპორტო და სატერმინალო მომსახურებაზე, რათა ტარიფების მანიპულირების გზით არ განახორციელოს, როგორც საპორტო მომსახურების ბუნებრივმა მონოპოლისტის დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება სატერმინალო მომსახურებაში და ამით სრული უპირატესობა მოიპოვოს, რათა ბაზრიდან განდევნოს სხვა სახმელეთო-საკონტეინერო საბაჟო ტერმინალები. იგი ვალდებულია, ცალ-ცალკე გამოაცხადოს კონტეინერის საპორტო და კონტეინერის სატერმინალო მომსახურების ტარიფები და ეს ცალკეული მომსახურებები გაყიდოს მოთხოვნის შესაბამისად. სხვა შემთხვევაში გვექნება სატერმინალო მომსახურების მონოპოლიზაცია და მომსახურების არჩევანის შეზღუდვა, რითაც მრავალი წელია ვსარგებლობთ. ეს იქნება საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის დარღვევა. გთხოვთ რეაგირებას". - მეტი რა უნდა დაეწეათ და ეთქვათ ტვირთის მფლობელებს"?! - აცხადებს კოტე მესხი.
მისივე განმარტებით, არამხოლოდ კონკრეტულად სახმელეთო სატერმინალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, არამედ, ზოგადად, ქართული ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის საციცოცხლოდ იყო აუცილებელი, რომ სასამართლომ თავისი ვერდიქტი პორტის გადაწყვეტილების შეჩერება-არშეჩერების თაობაზე, დროულად, ანუ, მის ძალაში შესვლამდე გამოეტანა.
„სასამართლოს ეს სწორი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად უკვე დადებითი პასუხია კითხვაზე - არის თუ არა ქართული სატერმინალო კომპანიების ადგილი, 5000 -მდე ფოთელის ადგილი, ფოთში ტვირთების დამუშავების ბიზნესში", - აცხადებს მესხი.
სატერმინალო მომსახურების კომპანია „ჯორჯიან ტრანსექსპედიცია ფოთის" წარმომადგენლის, დავით ზამთარაძის განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიღწეულია, მაგრამ მათი კიდევ ერთი მოთხოვნა ამჯერად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მისამართით არის. საუბარია იმაზე, რომ შემოსავლების სამსახურმა დაუყონებლივ დაიწყოს თავისი ფუნქციების აღსრულება. კერძოდ, მსუბუქი მანქანებით დატვირთული კონტეინერების მიღება-დამუშავებისათვის სხვა საბაჟო საკონტეინერო ტერმინალებში ისეთივე ფუნქციების შესრულება, რასაც, რატომღაც, მხოლოდ ერთი, „კორპორაცია ფოთის პორტის" მიერ დაფუძნებული, იდენტური საბაჟო-საკონტეინერო ტერმინალის მიმართ ასრულებს 2011 წლის თებერვლიდან მოყოლებული დღემდე.
ზამთარაძის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ სამივე ინსტანციის სასამართლო მოგებული აქვთ ფინანსთა სამინისტროსთან, თუმცა დღემდე საკითხის გადაჭრა არ ხერხდება.
„თუ ფინანსთა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას კვლავაც თავს აარიდებს, ჩვენ იძულებულნი გავხდებით, როგორც კი ჩავიბარებთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, უკვე აღმასრულებლის თანხლებით ვაიძულოთ მებაჟე, რომ მოვიდეს ჩვენს ტერმინალებში და გასწიოს მასზე კანონით დაკისრებული ისეთივე სამსახური, რასაც წლებია, რატომღაც, მხოლოდ ფოთის პორტის მიერ დაფუძნებული სახმელთო ტერმინალში ეწევა. ეს იქნება გაუგონარი და უპრეცედენტო ფაქტი. დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელ ვითარებაში, როცა რეალურად მართლაც აღარ ხდება სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისთვის ხელების გადაგრეხვა, საქმე აქამდე არ მივა", - აცხადებს ზამთარაძე.
ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას თქმით, სატერმინალო მომსახურების კომპანიების პროტესტს პროფკაშირები იმთავითვე შეუერთდა.
„მოხარული ვართ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტით. სამწუხაროდ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ ვართ განებივრებულები სამართლიანი გადაწყვეტილებებით, ამდენად სრულად ვუერთდებით ლოგისტიკოსების მადლიერებას იმ უწყებებისა თუ ადამიანების მიმართ, ვინც ქართული ბიზნესის და საკუთრივ ფოთის და ფოთელების ეს პრობლემა სწორად გადაწყვიტა. იმედი მაქვს, კონკურენციის სააგენტოს მიერ საკითხის საბოლოოდ შესწავლის შემდეგ, მისი დასკვნა იქნება ადეკვატური და საბოლოოდ დასრულდება ფოთის პორტის ძალადობრივი მცდელობები, როგორმე სრული მონოპოლია მოიპოვოს სატერმინალო მომსახურების ბიზნესში", - აცხადებს ალანია.