„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან გაიმართა. ადგილობრივ ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნეს. საუბარი შეეხო არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდების დასაქმებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მათ როლზე რეგიონის განვითარების საქმეში. როგორც, რესან კონცელიძემ შეხვედრის დროს აღნიშნა, ახალგაზრდებთან ხშირი კომუნიკაცია და მათი იდეების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდობის საკითხი. ახალგაზრდა თაობა, ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი ბირთვი და მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, რათა მათი იდეები, რეალურ საქმედ იქცეს, ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რესან კონცელიძემ.
ახალგაზრდებთან შეხვედრას, ასევე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.