თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საქართველოს პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები. ამ დროისთვის ასევე ცნობილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია, ასევე ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით.
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ „ბაკურიანის“ ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი.
ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია (სითხეში შეტივნარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები) ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება.
ასევე გვსურს გაგაცნოთ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.
ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ იყო მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა მან წარმოადგინა ორი ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებენ გამოძიებისთვის ე.წ. სატელიტის ფოტოების მომწოდებლის ვინაობის დასახელებისგან და ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებისგან.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი.
კერძოდ დადგინდა, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი - „2020 ჟულ 19“, ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში: ზედა მარცხენა კუთხეში არსებული მცირედ გამჭვირვალე ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე. ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. ასევე როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები დატანილია სხვა ფოტოსურათიდან.
მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი „2020 ჟულ 22“, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით.
ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში.
ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უტყუარად დადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდინ სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.
ასევე გამოძიების მიერ მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც უტყუარად დასტურდება მის მიერ „გოოგლე“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline“-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით. თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში „google“-ის ანგარიშის „timeline“-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად „google“-ის ანგარიშზე.
გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის „google“-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია „your timeline“-„თქვენი ქრონიკა“, რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი.
10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი.
10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე.
„Timeline“-ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline“-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი.
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული „112“-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით.
ასევე გაგაცნობთ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT“ მიერ.
დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის სარბენი ბილიკის კონფიგურაცია მთლიანად შესაბამისობაში მოდის ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ზედაპირზე არსებულ ნახატის კონფიგურაციასთან, როგორც ვიზუალური, ასევე - ტექნიკური თვალსაზრისით. ექსპერტიზას დაესვა კითხვა თუ როგორ მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის შემთხვევის ადგილზე გადაადგილება და ხომ არ მოხდა ავტომანქანის ბუქსირით გათრევა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ „HYUNDAI ACCENT“-ის მიერ დატოვებული ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი და რომ მძღოლის მიერ ავტომანქანის გადაადგილება ექსპლუატაციის პირობებშია მომხდარი. ამდენად, ავტომობილის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა.
ასევე, რადგან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. „ჰაკერული“ ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება.
ამავე დასკვნის მიხედვით, პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება.
ასევე, განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება „Technology/Internet“, ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: „Pornography“.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა 600-მდე პირი, დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, ასევე ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი.
საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდის“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.