logo_geo
eng_logo
პროკურატურამ მერაბ ბესელიას ბრალი წარუდგინა
- +

18 სექტემბერი. 2020. 23:25

 

 

საქართველოს პროკურატურამ სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე მერაბ ბესელიას ბრალდება წარუდგინა.

 

საგამოძიებო უწყება ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 სექტემბერს, ქ. თბილისში, საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციული შენობის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ.ბ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რ.ხ.-ს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მასრები და ტყვიის გარსის ფრაგმენტები.

 

სამართალდამცველებმა მ.ბ. 2020 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. 18 სექტემბერს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს.

 

რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით დაიწყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner