იმერეთში გამოკვლეული 1 658 პირიდან, „კოვიდ-19“ 15 ადამიანს დაუდასტურდა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილის ინფიცირების წყარო ე.წ. სკოლის კლასტერსა და ასევე, ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება.
ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლში“ არსებული ოქროს ბირჟის 16 მოვაჭრეს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, 64 პირი კი კარანტინშია გადაყვანილი.
ამასთან, ქუთაისში, „კლინიკა ბომონდში“ ოთხი ბავშვის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მათთვის ჩატარებული პირველადი ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
განმეორებითი კვლევისას ისევ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გამოჯანმრთელებულები კლინიკას დატოვებენ.
ამჟამად, კლინიკა „ბომონდის“ სტაციონარში 67 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 15 ბავშვი, ექვსი ორსული, ერთი კი ახლადნამშობიარები ქალია.
„პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მძიმეა აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი 78 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.