ავტორი ანა ნონიკაშვილი
ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმების მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მიქიაშვილმა განაცხადა, კოლექციებისა და ექსპონატების სრულყოფილად დაცვისთვის კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ეროვნული მუზეუმის დირექციისგან გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას ითხოვს. მიქიაშვილის განცხადებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურმა ეროვნულ მუზეუმში არსებული ვითარების შესახებ საგანგაშო დასკვნა წარადგინა, რომელსაც 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის აპრილის ბოლომდე ამოწმებდა. შემოწმების პროცესში აუდიტის სამსახურმა შერჩევითი მეთოდით შეისწავლა ეროვნული მუზეუმის ფინანსური სახსრები და სააღრიცხვო პოლიტიკა; დაფინანსების წყაროების მიხედვით შემოსავლები და მათი გამოყენება; ფინანსური და არაფინანსური აქტივების მოძრაობა; სახელმწიფო შესყიდვებისა და ჩატარებული ინვენტარიზაციის საკითხები; სამუზეუმო ფონდების დაცვა-აღრიცხვის, მოძრაობისა და ინვენტარიზაცია-შეჯერების საკითხები; ზემოაღნიშნული და სხვა ფინანსური ოპერაციების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხები.
„ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმების, მისი ფონდების ძარცვა შეიძლება გაგრძელდეს, თუ გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებები არ გატარდება. კოლექციებისა და ექსპონატების სრულყოფილად დაცვისთვის კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ეროვნული მუზეუმის დირექციისგან გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას ითხოვს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურმა ეროვნულ მუზეუმში არსებული ვითარების შესახებ საგანგაშო დასკვნა წარადგინა. დასკვნა 16 მაისს არის ხელმოწერილი.
კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური ეროვნულ მუზეუმს 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის აპრილის ბოლომდე ამოწმებდა.აუდიტის სახე გახლდათ „შესაბამისობის და ფინანსური აუდიტი".
შემოწმების პროცესში აუდიტის სამსახურმა შერჩევითი მეთოდით შეისწავლა ეროვნული მუზეუმის ფინანსური სახსრები და სააღრიცხვო პოლიტიკა; დაფინანსების წყაროების მიხედვით შემოსავლები და მათი გამოყენება; ფინანსური და არაფინანსური აქტივების მოძრაობა; სახელმწიფო შესყიდვებისა და ჩატარებული ინვენტარიზაციის საკითხები; სამუზეუმო ფონდების დაცვა-აღრიცხვის, მოძრაობისა და ინვენტარიზაცია-შეჯერების საკითხები; ზემოაღნიშნული და სხვა ფინანსური ოპერაციების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხები.
წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით მკაფიოდ იკვეთება, რომ ეროვნული მუზეუმი კანონდარღვევით იმართება. 2004 წელს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით შექმნილი დიდი სამუზეუმო გაერთიანება, ეროვნული მუზეუმის სახით, დიდი შეცდომა რომ იყო და გაერთიანებამ ვერ გაამართლა, ესეც მკაფიოდ არის ნაჩვენები აუდიტის დასკვნაში.
გაურკვეველია, რა დასახელების, რაოდენობის და ღირებულების ექსპონატები ირიცხება ეროვნული მუზეუმის ბალანსზე; ეროვნული მუზეუმის ქონება, შენობა-ნაგებობები იჯარით არის გაცემული, სახელმწიფო ინტერესების გაუთვალისწინებლად; ეროვნულ მუზეუმში პრემიები და სახელფასო დანამატები კანონთან შეუსაბამოდ გაიცემა; მუზეუმის წარმომადგენელთა უცხოეთში მივლინებებია გაფორმებული, მაგრამ მათი კონკრეტულ ქვეყანაში ყოფნის ფაქტი არ დასტურდება. არის შემთხვევები, როცა მივლინებას მეორე მხარე, ანუ მიმწვევი მხარე აფინანსებს, მაგრამ აქ, ეროვნულ მუზეუმში სამივლინებო თანხა მაინც იწერება. ეროვნული მუზეუმის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები საბაზრო ღირებულებასთან გაცილებით დაბალ ფასადაა შეფასებული. ეროვნული მუზეუმის საკუთრებაში არსებული არქეოლოგიური ბაზების შენობა-ნაგებობების და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ღირებულება განსაზღვრულია ჯამურად და ბუღალტრულადაც ერთიანად არის აღრიცხული.
ეროვნული მუზეუმი შესყიდვების განხორციელებისას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონს არღვევს, ტენდერებს ელექტრონულად არ ატარებს. ძირითადი საშუალებების, გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონდარღვევით. არასწორი და არასრული ინფორმაციაა ასახული კულტურის სამინისტროს მიერ წარმოებულ მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში. დარღვეულია „მუზეუმების შესახებ" საქართველოს კანონისა და „სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ" ინსტრუქციის მოთხოვნები. მუზეუმს მართავს და მის წარმომადგენლობას ახორციელებს მუზეუმის გენერალური დირექტორი, რომლის უფლებამოსილება არ არის შეზღუდული რაიმე სახის საქმიანობით. - სიტყვა-სიტყვით ასე წერია აუდიტის დასკვნაში.
ეროვნული მუზეუმის დებულებით არ არის განსაზღვრული მუზეუმის ყველა სტრუქტურული ერთეულის ძირითადი მიზნები და ამოცანები. ასევე, სტრუქტურული ერთეულების მიერ არ ხდება, არც სტრატეგიული და წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება და არც საქმიანობის წლიური ანგარიშების მომზადება",- განაცხადა მიქიაშვილმა.