logo_geo
eng_logo
ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება, რომელიც დიდხანს შეუმჩნეველია
- +

20 სექტემბერი. 2020. 18:19

 

 

თვალის დაავადებებზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა ბოლო დროს ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ოფთალმოლოგები კერატოკონუსს ასახელებენ. საქართველოში ამ დაავადების ენდემურ კერად შავიზღვისპირეთის რეგიონი მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ კერატოკონუსი მთელ მსოფლიოში გავრცელებულია, მოსახლეობას მის შესახებ მაინც მწირი ინფორმაცია აქვს. თუმცა ყოველი წლის შემოდგომით მსოფლიოს წამყვან კლინიკებში „კერატოკონუსის დღე“ ტარდება, სადაც ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის გამოკვლევა ხდება, დაავადების გამოვლენა და მისი მკურნალობის დაგეგმვა. როგორც „ახალი მზერისა“ და „ღია გულის“ ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი გვეუბნება, კერატოკონუსი უმეტეს შემთხვევაში, 20 წლიდან ვლინდება და 35-40 წლამდე პროგრესირებს, თუმცა შესაძლოა, დიდხანს შეუმჩნეველი დარჩეს. კერატოკონუსით გამოწვეულ მხედველობის სიმახვილის გაუარესებას ხშირად ახლომხედველობას ან ასტიგმატიზმს მიაწერენ ხოლმე.

 

კერატოკონუსი რქოვანას არაანთებადი პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც რქოვანა გარსი თხელდება, ირღვევა მისი სფერული ფორმა, რის გამოც ის წინ გამოიზნიქება და კონუსს ემსგავსება. აქედან გამომდინარეა დაავადების სახელწოდებაც. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ, გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდ მხედველობის შორ მანძილზე გაუარესების მიზეზად იქცევა. დაავადება შესაძლოა, განვითარდეს როგორც ერთ, ისე ორივე თვალზე - აღნიშნავს ია ვარდანაშვილი და დასძენს, რომ კერატოკონუსის ზუსტი მიზეზი დღესდღეობით უცნობია, თუმცა დადგენილია მისი რისკფაქტორები, მათ შორის - გენეტიკური განწყობა, ალერგიული ფონი და მშრალი თვალის სინდრომი, რომელთა მიერ პროვოცირებულმა თვალის ხშირმა სრესამ შესაძლოა, დაავადების განვითარებას ბიძგი მისცეს. ზოგიერთი თეორიის თანახმად, ხელშემწყობი ფაქტორი მზის ულტრაიისფერი გამოსხივებაცაა, რეგიონის მაღალი ტენიანობა და სუბტროპიკული კლიმატი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner