logo_geo
eng_logo
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ე.წ. ოდეერობას კატეგორიულად უარყოფს
- +

27 ივნისი. 2016. 16:56


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ბიზნესის მიმართულებით, დოქტორანტი ენრიკო დევაძე უნივერსიტეტის ე.წ. ოდეერობას კატეგორიულად უარყოფს და სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ემზადება.


როგორც ენრიკო დევაძემ განაცხადა, მან სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი სამეცნიერო საზოგადოების მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსებაც მოიპოვა. სადოქტოროს კი სწორედ აღნიშნულ უნივერსიტეტში დაიცავს.


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მიმართულებით დოქტორანტურაში 2015 წელს ჩავაბარე. 2000 წლიდან 2007 წლამდე მაგისტრატურაც ამავე უნივერსიტეტში დავამთავრე. უნივერსიტეტში, სტუდენტებიდან დაწყებული ლექტორებით დამთავრებული, ყველას ვიცნობ. სწავლის პარალელურად კი, უშიშროების თანამშრომელი გახლდით. აღნიშნულ სისტემაში 10 წელი, 2007 წლიდან 2016 წლის 28 მაისამდე ვმსახურობდი. დასამალი არც არაფერი მქონდა.

 

სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115"-თან დაახლოებული პირები არიან, „ოდეერობაში" დამდეს ბრალი. სრულიად უსაფუძვლოდ, თითიდან გამოწოვილი ბრალდებები წამიყენეს. მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაცია კი ადგილობრივი გაზეთის პირველ ფურცლებზე დაიბეჭდა. თითქოს, მე უნივერსიტეტის შიდა პროცესებში ვერეოდი, სტუდენტებს კი ჩუმად ვარბევდი. ასევე გაისმა ბრალდება, რომ, თითქოს, უნივერსიტეტში იარაღით დავდიოდი, რაც სრული სიცრუეა. ვაცნობიერებ იმდენს, რომ იარაღით უნივერსიტეტში არ მევლო. ალბათ, ქუჩაში დამინახეს და ამიტომაც მომაწერეს. თანამშრომელი ვიყავი და შურდულით ხომ არ ვივლიდი?! კაპიტნის წოდება მაქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი საქმიანობა დამამლული არ ყოფილა.

 

უშიშროების თანამშრომელს უმაღლესი განათლების მიღების უფლება არ აქვს? ჩემი ოჯახის თითქმის ყველა წევრი პედაგოგია, ამავე უნივერსიტეტში ასწავლიან და პროფესორები არიან. მეც ვმუშაობ ხარისხზე, მინდა, რომ ოჯახის ტრადიციები გავაგრძელო",- განაცხადა დევაძემ.


ენრიკო დევაძემ მისი მისამართით გამოთქმულ ყველა ბრალდებას თითიდან გამოწოვილი უწოდა და სტუდენტების თვითპიარად შეაფასა. მისივე თქმით, ბრალდებებს მის საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.


ჩემი მისამართით გამოთქმული ყველა ბრალდება თითიდან გამოწოვილია და სტუდენტების თვითპიარს ემსახურება. სურთ, რომ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბათუმშიც აქვთ სტუდენტებს განსხვავებული აზრი და აფიქსირებენ. გამოვიდოდა სამი სტუდენტი, ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელი და, თითქოს, სტუდენტების მთელი არმია ჰყავდათ. ეს არ ყოფილა მთელი სტუდენტების აზრი, რომ ენრიკო დევაძე „ოდეერია". მხოლოდ 3-4 პიროვნება იყო, რომლებსაც უნდოდათ, წამოწეწიათ თემა, რომ თბილისი ამ მხრივ ცოცხალია და ჩვენც ცოცხლები ვართო.

ეგეთები რომ ჩემზე გავლენას ახდენდნენ, 10 წელი ვერ ვიმუშავებდი იმ სისტემაში. უბრალოდ გული დამწყდა, რომ ადგილობრივი პრესის საშუალებით გავრცელდა ასეთი ცრუ ინფორმაცია. ჟურნალისტები მხოლოდ ამ სამ სტუდენტთან წერდნენ ინტერვიუს, ეს იყო შემაშფოთებელი, მეტი არაფერი", - განაცხადა დევაძემ.


31 წლის სტუდენტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, თავის დროზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაშიც გამოეხმაურა, რომელმაც განმარტა, რომ ოფიციალური საშტატო განაკვეთი „ოდეერის" წარმომადგენლის პოზიციაზე უნივერსიტეტში არ არსებობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner