logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ვაშაძეების იდენტიფიკაციისთვის, ანუ როგორ განვასხვავოთ გ. ვაშაძე გ. ვაშაძისგან
- +

21 სექტემბერი. 2020. 20:00

 

 

 

 

ერთ პოპულარულ ქართულ მხატვრულ ფილმში დიდი გაუგებრობა და უხერხულობა რომ შეიქმნება, გენიალური კომიკოსის სანდრო ჟორჟოლიანის პერსონაჟი იტყვის – „რა ცუდია, როცა ერთ სოფელში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე“.

 

იმ პოპულარულ ქართულ ფილმს „ჭრიჭინა“ ჰქვია, ხოლო ჭრაჭუნა ქართულ პოლიტიკას, რომელიც თავიდან ბოლომდე ერთი დიდი გაუგებრობა და უხერხულობაა, საკუთარი „მარინე ფერაძეები“ ჰყავს.

 

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჭრაჭუნა ქართულ პოლიტიკას ჰყავს საკუთარი გ. ვაშაძეები, რომელთა ერთმანეთისგან გარჩევაც საკმაოდ რთული საქმეა, ხოლო „ჭრიჭინასეული“ კინოფრაზის ილუზიით თუ ვიტყვით, რა ცუდია, როცა ჭრაჭუნა ქართულ პოლიტიკაში არსებობს ორი გ. ვაშაძე და ორივე ნაცი.

 

გ. ვაშაძეები ერთმანეთისგან მხოლოდ სახელით, ასაკითა და ვიზუალით განსხვავდებიან: ერთს გრიგოლი ჰქვია და მეორეს – გიორგი; გრიგოლი 62 წლის არის, გიორგი კი – 39–ის; გრიგოლს ულვაში აქვს, გიორგის – არა. ეს არის და ეს.

 

შესაძლოა, მავანმა თქვას – მეტი განსხვავება რაღა გინდათო, მაგრამ მარტო სახელით, ასაკითა და ულვაშით განსხვავება პოლიტიკისთვის არაფერია.

 

პოლიტიკაში ორი კაცი, მით უმეტეს, ერთი გვარის ორი პოლიტიკოსი ერთმანეთისგან რომ გაარჩიო, მათ განსხვავებული ბეგრაუნდი, განსხვავებული მსოფლმხედველობა და განსხვავებული მორალი უნდა ჰქონდეთ, გ. ვაშაძეები კი ამ მხრივ ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ჰგვანან.

 

გრიგოლ ვაშაძეც და გიორგი ვაშაძეც სააკაშვილის ნაცში გამოძერწილი პოლიტიკური ფიგურები არიან; ისინი ერთად და ერთდროულად იყვნენ ნაცმთავრობის ჩინოვნიკები და 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ორგანული ნაწილაკები; ისინი ერთად მონაწილეობდნენ კაცისმკვლელი და მწამებელი სისტემის შექმნაში და ერთნაირად ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოსა და ქართველ ხალხს დაუშავა.

 

შეიძლება გრიგოლ და გიორგი ვაშაძეებს თავიანთი ხელით არავინ მოუკლავთ და უწამებიათ, მაგრამ სამთავრობო სავარძლებში თბილად მოკალათებულნი მშვიდად უცქერდნენ და დუმილით უკრავდნენ კვერს მათი მშობლიური რეჟიმის მიერ ქუჩებში ახალგაზრდების დახოცვასა და ციხეებში პატიმრების წამება-გაუპატიურებას, მშვიდობიანი მიტინგების დარბევასა და უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გასამართლებას, ბიზნესის დატერორებასა და კერძო საკუთრების ხელყოფას.

 

გრიგოლ და გიორგი ვაშაძეებისთვის ეს ყოველივე მისაღები და დასაშვები იყო, თორემ მიუღებელი და დაუშვებელი რომ ყოფილიყო, თანამდებობებს პროტესტის ნიშნად დატოვებდნენ და სააკაშვილს განუდგებოდნენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სისხლში ცურავდა და პოლიტიკურ ნეხვში იყო ჩაფლული, გრიგოლ ვაშაძე – ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ, კულტურის მინისტრის სავარძელში კომფორტულად გრძნობდა თავს. გიორგი ვაშაძე კი იუსტიციის მინისტრისა და დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ–ერთი დედაბოძის ზურაბ ადეიშვილის მოადგილეობას ვერ ელეოდა.

 

ის კი არა, გიორგი ვაშაძეს ნაცმოძრაობა მას შემდეგაც არ დაუტოვებია, რაც გლდანის ციხეში პატიმრების წამებისა და გაუპატიურების შემზარავი კადრები გასაჯაროვდა და სააკაშვილის რეჟიმის ფაშისტური სახე მთელმა მსოფლიომ იხილა. მეტიც, იგი 2012 წელს ნაცმოძრაობის სიით პარლამენტის დეპუტატი გახდა და სააკაშვილის გუნდიდან მხოლოდ 2016 წელს წავიდა, ოღონდ, არა იმიტომ, რომ მწამებლებისა და გამაუპატიურებლების პარტიასთან პოლიტიკურ-მორალური შეუთავსებლობა გაუჩნდა, არამედ იმის გამო, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის პირველ ათეულში ყოფნის გარანტია ვერ მიიღო.

 

ოთხი წლის წინათ, როცა გიორგი ვაშაძემ ნაცმოძრაობა დატოვა, მას „ასავალ-დასავალის“ ერთ–ერთ პუბლიკაციაში „განხეთქილების ვაშ(ლ)აძე“ ვუწოდეთ, მაგრამ ნათქვამია, ტოტიდან მომწყდარი ვაშლი ხისგან შორს არ დაეცემაო და განხეთქილების ვაშ(ლ)აძეც არ წასულა შორს, დღემდე ნაცმოძრაობის სამოქმედო კვადრატში ტრიალებს, კვლავ სააკაშვილის ფარვატერში ცურავს და „მეცოცხეთა პარტიისგან“ პოლიტიკურ-იდეოლოგიური განსხვავება კვლავაც არ ეტყობა.

 

იმასაც შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გიორგი ვაშაძე ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა სააკაშვილის პარტია ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო.

 

რა ლაპარაკი უნდა, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება ნაცმოძრაობას პოლიტიკური რევანშის საშუალებას მისცემდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობას ერთი ათად გაუადვილებდა, რის შემდეგაც გიორგი ვაშაძე, როგორც გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი, საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილის მთავრობაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას დაიკავებდა.

 

იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ გიორგი ვაშაძეს, რომელსაც პროდასავლელ პოლიტიკოსად მოაქვს თავი, სულაც არ ეხამუშა, „კაგებეს“ ნომენკლატურასთან დაეჭირა საქმე, ანუ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილების სტაჟიანი თანამშრომლის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიისთვის ეხელმძღვანელა.

 

ესეც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ გ. ვაშაძეები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ულვაშიანი გ. ვაშაძე რუსეთს მეორე სამშობლოს უწოდებს და თავს რუსული კულტურის შვილად მიიჩნევს, უულვაშო გ. ვაშაძე კი ევრო-ამერიკელობას აწვება.

 

ჩვენს მოქალაქეებს გ. ვაშაძის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით გული რომ აქვთ გაწვრილებული, ესეც არახალი ამბავია, თუმცა, ბევრს ვერც გაურკვევია, მობილურ ტელეფონზე „მესიჯებს“ რომელი გ. ვაშაძე უგზავნის – გრიგოლი თუ გიორგი? ანდა, რა მნიშვნელობა აქვს, როცა ორივე გ. ვაშაძე სულითა და გულით, მორალითა და იდეოლოგიით პირწავარდნილი ნაცია?

 

აკი, გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, გიორგი ვაშაძემ კი, რომელსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საკუთარი თავი ჰყავს დასახელებული, განაცხადა – როგორც კი პრემიერი გავხდები, სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების საშუალებას მივცემო!

 

მაგარი წინასაარჩევნო დაპირებაა – „მომეცით ხმა და სააკაშვილს დავაბრუნებ!“

 

მოკლედ, როცა გრიგოლ ვაშაძე გველაპარაკება, მისი ულვაშიანი ტუჩ-პირით სააკაშვილი მეტყველებს, ხოლო გიორგი ვაშაძის უულვაშო ტუჩ-პირით ზურაბ ადეიშვილი გვესაუბრება!

 

გიორგი ვაშაძის პარტიას ჰქვია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა, არანაირი კავშირი არა აქვს დავით აღმაშენებელთან, გრიგოლ ვაშაძის პარტიას კი ნაცმოძრაობა ეწოდება, მაგრამ ქართველ ნაციასთან არაფერი აკავშირებს!

 

გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ რეალურად არის „სტრატეგია ილ-ღაზი“, გრიგოლ ვაშაძის ნაციონალური მოძრაობა კი სინამდვილეში ნაცისტური მოძრაობაა!

 

რაღა ბევრი გავაგრძელოთ, გ. ვაშაძეები ერთმანეთს გაჭრილი ვაშ(ლ)აძეებივით ჰგვანან!

 

გ. ვაშაძეები ერთი ხის ვაშ(ლ)აძეები არიან და თუნდაც ტოტიდან მოწყდნენ, იმ ხისგან შორს მაინც არ დაცვივდებიან!

 

ის ხე კი სააკაშვილია! ხე არა ცნობადისა, არამედ ნაცობისა!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner