„სააკაშვილი ის არაკაცია, რომელიც ციხეში ერთი საათიც ვერ ჩაჯდა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე, რომლის შეფასებით, ექს–პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლის ეშინია და ქალებს ამოფარებულს უნდა სამეგრელოში ხალხის გაბრიყვება. როგორც შარაძე აცხადებს, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში სააკაშვილის როლი უმთავრესია, ისევე, როგორც გიგა ბოკერიასი, ხოლო შემსრულებლები იყვნენ – შსს–ს უმაღლესი პირებიდან პატრულამდე. კერძოდ, ვანო მერაშვილი, დათა ახალაიას და მეგის ქარდავას ზონდერები.
for.ge რუსუდან შარაძეს ესაუბრა.
- მიხეილ სააკაშვილი ბოდიშს იხდის და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობს. როგორ ფიქრობთ, რამდენად გულწრფელია მისი ბოდიში და რა როლი აქვს მას გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში?
- გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში სააკაშვილის როლი უმთავრესია, ისევე, როგორც გიგა ბოკერიასი. დანარჩენები – მერაბიშვილი, ახალაია და ასე შემდეგ, შემსრულებლები იყვნენ. ფიზიკურად, ყველა იერარქია იყო ჩართული, იქით – შსს–ს უმაღლესი პირებიდან პატრულამდე, აქეთ – დათა ახალაიას და მეგის ქარდავას ზონდერები. ამათთან თანაცხოვრება როგორ შეიძლება? რა ჰქვია იმას, რომ წამებაში, კაცისკვლაში მონაწილე ადამიანები არათუ ციხეში სხედან, არამედ, უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ, მათ შორის, ძალოვან უწყებებში?
აღარაფერს ვამბობ ბიუჯეტის ქურდებზე და ტერიტორიების გამყიდველებზე. დღეს, არავისთვის უცხო აღარაა, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ ბანდას, თავისი დანაყოფებით, „მთავარი ოპოზიცია“ ერქმევა, „ოცნება“ სულ გაიმარჯვებს. ისინი აცოცხლებენ ერთმანეთს. აი, ამიტომ არ გასამართლდა კაცისკვლაში დამნაშავე პარტია და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი.
ბუნებაში არ მეგულება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი უტიფარი და ურცხვი არსება. ის ნებისმიერ რამეს იკადრებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. სულ ასე იყო. უკადრებლის კადრებით მოვიდა ხელისუფლებაში 2003 წელს და დღეს ხომ სულ დაკარგა თავი. ვითარების მიხედვით, ხან მართლმადიდებელი და ქართველია, ხან – კოსმოპოლიტი და მსოფლიო მოქალაქე. სინამდვილეში, არის ერთი მხდალი, ავანტიურისტი და უბრალოდ, მანიაკი მკვლელი, რომელიც დაცვით გარშემორტყმული, სხვისი დაჩაგვრით და ძალადობით „სწორდება წელში“, სხვანაირად, თავს კაცად ვერ გრძნობს. იმდენად თავხედია, რომ სიტყვა „სამართლიანობაც“ კი მიისაკუთრა და მის „აღსადგენად“ ბრუნდება საქართველოში. სააკაშვილი დამთავრებულია, მხოლოდ, ციხეში თუ დაბრუნდება და შეეგუოს.
- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა სააკაშვილი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ამავე დროს არის ძებნილი და უმძიმეს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული. სააკაშვილის პრემიერად დასახელება ნიშნავს, რომ ნაციონალები დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან?
– ემზადებიან კი არა, ამისთვის არიან დაბადებულები – არეულობისთვის, წამებისთვის, კაცისკვლისთვის...სააკაშვილი უმძიმეს დანაშაულებში არის ბრალდებული და გარკვეულ მუხლებში, მსჯავრდებულიც, მაგრამ ამდენს იმიტომ ბედავს, რომ არ გასამართლდა იმ მკვლელობებისთვის, რომლებიც ჩაიდინა. აბა, ოფიციალურად ჰქონდეს დამტკიცებული გურამ შარაძის, ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის და ა.შ. მკვლელობების შეკვეთა, ვნახავდი, როგორ ინავარდებდა.
- ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა გიული ალასანია, ვიცით, რომ ზუგდიდმა მხარი არ დაუჭირა სანდრა რულოვს. რატომ გიული ალასანია? რეალურად რა ჩანაფიქრია ალასანიას კანდიდატურის დასახელება?
– ზოგადად, ოჯახზე საუბარი არ მიმაჩნია მართებულად, მაგრამ არ გვანებებს ეს ე.წ. ოჯახი თავს. სააკაშვილი ის არაკაცია, რომელიც ციხეში ერთი საათიც ვერ ჩაჯდა. თვითონ საქართველოში ჩამოსვლის ეშინია და ქალებს ამოფარებულს უნდა სამეგრელოში ხალხის გაბრიყვება. არავინაა დაზღვეული, შვილი შეიძლება უღირსი და მკვლელი გამოგივიდეს, ან ქმარი შეგხვდეს ასეთი, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ოჯახი კი არა, ერთმანეთში შეკრული დანაშაულებრივი ბანდაა. აქვე არ დაგვავიწყდეს სააკაშვილის გამზრდელი ბიძაც, რომელმაც მთელ საქართველოს დედა გვაგინა.
- რაც შეეხება გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს, რა ეტაპზე გურამ შარაძის მკვლელობის საქმე?
– საქმე ოფიციალურად ისევ ძიებაშია. თქვენთან ბოლო ინტერვიუში მოყოლილი ამბები რომ არ გავიმეორო, შევაჯამებ – გურამ შარაძის მკვლელობა გახსნილია, ხოლო მისი ოფიციალურად გამოცხადება დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც, რბილად რომ ვთქვა, საერთოდ არ ჩქარობს.
- დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტაცია, იყო დანაშაული, რომლის შედეგია ის, რომ -ნაციონალები დღეს მოქმედ ხელისუფლებას ბრალს სდებენ იმ დანაშაულებში, რომელშიც თავად იყვნენ ჩართული?
– „კოაბიტაცია“ ქართულად თანაცხოვრებას ნიშნავს. ვფიქრობ, რომ პირველი ერთი წელი, სანამ სააკაშვილი ოპოზიციონერ პრეზიდენტად (გაუგონარი ამბავი!) დარჩა, ეს გარედან თავმოხვეული პროცესი იყო, ხოლო შემდგომში, უკვე გადაიზარდა დანაშაულზე უარესში. ველოდებოდი კანონის აღსრულებას და დამნაშავე პარტიის პოლიტიკურ გასამართლებას, მათ შორის, მამაჩემის ავაზაკური მკვლელობისთვის. არავის სისხლი არ მწყუროდა და არ მწყურია. ნაწილობრივ, ვეთანხმებოდი კიდეც კოაბიტაციას.
ადამიანურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, მასობრივი რეპრესიებით სული გაძვრა ქვეყანას. ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, მარტო პოლიტიკური მრწამსისთვის არ უნდა დაჩაგრულიყო. გულზე ხელი დავიდოთ, ყველას გვყავს თითო–ოროლა ასეთი შერეკილი, საქართველო პატარაა. ამათი „დასჯა“ ის იქნებოდა, მათ სათაყვანებელ მიშას და მის მარჯვენა ხელს – გიგა ბოკერიას ოფიციალურად დამტკიცებოდათ, რომ მანიაკი მკვლელები არიან. გერმანიაში, ჰიტლერს კიდეც რომ თანაუგრძნობდეს ვინმე, ამის ხმამაღლა თქმას ვინ გაბედავს, ვინ იკადრებს?!