logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არსებული რეიტინგის შესანარჩუნებლად ბაქიბუქობენ
- +

23 სექტემბერი. 2020. 00:40

 

 

„ისინი ძალიან კარგად ხედავენ, როგორია მათი რეიტინგი, თუმცა, ცდილობენ, რომ ის 12 ან 3 პროცენტი მაინც შეინარჩუნონ, რაც აქვთ. ეს ძალიან მარტივი PR-სტრატეგიაა. ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში ასეთი სტრატეგია მუდმივად ჰქონდათ. ისინი ბაქიბუქობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ თუნდაც ის, რაც დღემდე აქვთ და საერთოდ არ გაქრნენ პოლიტიკიდან, მაგრამ ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური პარტიები თანდათანობით, საერთოდ გავიდნენ პოლიტიკური სივრციდან და, რა თქმა უნდა, სჯობს, მათი ადგილი დაიკავონ ჯანსაღმა პოლიტიკურმა ძალებმა“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ წარმოებული კვლევები, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“.

 

„სხვანაირად, საქართველოში პოლიტიკური სისტემა საბოლოო, ჯანსაღ სახეს ვერ შეიძენს. ეს პროცესი გრძელდება და აუცილებლად მივა თავის სწორ, ლოგიკურ დასასრულამდე. დღეს, სამწუხაროდ, მძიმეა მთლიანი ოპოზიციური სპექტრი. თვალი რომ გადაავლოთ, ის მთლიანადაა აგებული „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ტიპის განშტოებებზე. ესენია: ტავად „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, ესაა ვაშაძე, რომელიც იყო ადეიშვილის მოადგილე, „გირჩი“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აგრესიული განშტოებაა, „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც, ასევე, არის დანამატი „ნაციონალური მოძრაობის და „ლელო“, რომლის ლიდერებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულნი ბიზნესის რეკეტის სქემაში. აღარაფერს ვამბობ პრორუსულ პარტიებზე, რომელთაც, განსაკუთრებით ბოლო დროს, ჰქონდათ ძალიან მძიმე გამოხტომები და ამას ძალიან კარგად ხედავს ქართული საზოგადოება. 12% აქვს აღებული „ნაციონალურ მოძრაობას“, 3% „ევროპულ საქართველოს“, 4% „პატრიოტთა ალიანსს“... ეს ხომ მძიმეა?.. მაგრამ პროცესი ვითარდება, ამ პარტიების რეიტინგი კლებადია და საბოლოო ჯამში, ჩვენ შედეგად აუცილებლად მივირებთ ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გამოჩენას. საარჩევნო მხარდაჭერასაც და არეულობასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი - ხალხის შენ უკან დგომა, რაც მათ არ აქვთ. ესაა მთავარი, გადამწვყვეტი ფაქტორი, შესაბამისად, შეიძლება, მათ ბევრი რამ სცადონ და ბევრ რამეზე იფიქრონ, მაგრამ ისევე, როგორც ეს მცდელობები ჩაუვარდათ 2016 წელს და იქამდე, ასევე ჩაუვარდებათ ამ არჩევნების დროსაც“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner