გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანთან, ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა უკრაინისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესებაზე არ აისახება.
მერკელის განცხადებით, უკრაინამ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ევროკავშირი ვიზა-ლიბერალიზაციის დასაწესებლად ჯერჯერობით არ არის მზად, რადგან შიდა საკანონმდებლო მექანიზმები, მათ შორის ე.წ. შეჩერების მექანიზმის პროცედურა უნდა დახვეწოს.
მერკელმა მოიყვანა სერბეთის მაგალითი, როდესაც ამ ქვეყნისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების შემდეგ, სერბეთის მოქალაქეებმა თავშესაფრის მიღებაზე მასობრივად დაიწყეს განაცხადების შეტანა.
გერმანიის კანცლერის თქმით, საჭიროა ასეთი სცენარის გამეორების თავიდან აცილება.