მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი რამაზ ლომინაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" „ეროვნული თანხმობის პარლამენტის" ფორმირებაზე საუბრობს. მისი თქმით, პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ ხალხის აზრი.
„მიგვაჩნია, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატები ხალხმა უნდა შეარჩიოს და არა - პარტიებმა! საქართველოს მოქალაქეებს უნდა ვკითხოთ, ვის გარეშე ვერ წამოუდგენიათ პარლამენტი - პარტიებმა კი ხალხის ნება უნდა გაითვალისწინონ და კანდიდატებად შეარჩიონ პიროვნებები, რომლებსაც საქართველო იცნობს და ენდობა! მერწმუნეთ, დღეს საღად მოაზროვნე და ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკოსები პარტიებს მიღმა გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე - პოლიტიკურ არენაზე მყოფ პარტიებში. მთავარია პოლიტიკურმა პარტიებმა თუ ლიდერებმა კადრები არა საკუთარ ვიწრო გარემოცვაში, არამედ საზოგადოების ფართო სპექტრში ეძებონ და ისინი პირადი ერთგულების კი არა, ქვეყნისადმი ერთგულების ნიშნით შეარჩიონ. მიგვაჩნია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინერგოს პრინციპი: ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, ხოლო საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა", - აცხადებს რამაზ ლომინაძე.