აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები ივლისში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე გავლენას არ იქონიებს.
კერის თქმით, NATO კიდევ უფრო გაძლიერდება და წინსვლას გააგრძელებს.
„ჩვენ 8-9 ივლისს დაგეგმილი NATO-ს სამიტისგან დიდი მოლოდინები გვაქვს. ვფიქრობ, ევროკავშირის მონაწილეობა, დიდი ბრიტანეთის ჩართულობა ახლა NATO-სთვის მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება NATO-ს ძლიერი შეხვედრა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, რომლებზეც რეფერენდუმი არანაირ შედეგს არ იქონიებს", - განაცხადა ჯონ კერიმ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ NATO-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
„NATO-ს სამიტი იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა ალიანსის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა. ვფიქრობ, NATO კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის თანამშრომლობისას, ასევე ევროპის ქვეყნებსა და NATO-ს მოკავშირეებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისას. NATO-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ახლა, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების შემდეგ ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.