ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენი და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჯ.ჭ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერში, ჯ.ჭ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას - ო.ჭ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად ო.ჭ. სიკვდილს გადაურჩა.
ჯ.ჭ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული ჯ.ჭ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, ჯ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.