logo_geo
eng_logo
„კანონიერი ქურდების“ არასრული სია, რომლებმაც საზღვარი „ნაციონალების“ დროს უპრობლემოდ გადმოლახეს
- +

27 ივნისი. 2016. 18:47


შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „კანონიერი ქურდების" სიის გამოქვეყნებას გეგმავს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის" დროს ქვეყნის საზღვარი უპრობლემოდ გადმოლახეს და გადალახეს.


სავარაუდოდ, საუბარია იმ 12- კაციან სიაზე, რომელზეც ჯერ კიდევ გასული წელს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საუბრობდა. სიაში საკმაოდ ხმაურიანი გვარები ფიგურირებს. მაგალითად, კოსტა ბობოხიძე, 2009 წლის 2 სექტემბერს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა, თუმცა მისი დაპატიმრება არ მომხდარა. მეორე დღეს, ანუ 2009 წლის 3 სექტემბერს ის სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში გადავიდა.


წყალტუბოელი კოსტა ბობოხიძე, რომელიც ამჟამად 76 წლისაა, კრიმინალური სამყაროს „პატრიარქად" არის მიჩნეული. ბობოხიძე საკმაოდ მძიმე დანაშაულებისთვის 8-ჯერ არის ნასამართლევი და, საერთო ჯამში, ციხეში 30 წელი აქვს გატარებული.


საქართველოში კიევიდან 2009 წლის 28 მაისს ჩამოფრინდა „კანონიერი ქურდი" ანთიმოზ კუხილავაც.  29 მაისს კი, კოსტა ბობოხიძის მსგავსად, თურქეთში გაუშვეს. კუხილავა უკრაინაში კონტრაბანდულ ტვირთებს აკონტროლებდა.


ქვეყანაში 2009 წლის 29 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა ცნობილი „კანონიერი ქურდი" ამირან ებრალიძეც. მისი ექსტრადირება უკრაინიდან განხორციელდა, მეორე დღეს კი ქვეყანა სადახლოს გამშვების პუნქტის გავლით დატოვა.


ებრალიძე ძველი თაობის „კანონიერ ქურდებს" მიეკუთვენა. უკრაინული მილიცია მას „უკრაინის ტარიელ ონიანსაც" კი უწოდებდა. კრიმინალურ სამყაროში ებრალიძის პირველი ნაბიჯები დიდი მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა.


2008 წლის 29 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა „კანონიერი ქურდის" ავთანდილ ხეცურიანის შემოსვლის ფაქტიც, თუმცა ის დაპატიმრების ნაცვლად, უახლოესი რეისით, იმავე დღეს უკან გააბრუნეს. ხეცურიანი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში „ავთო ბოქსიორის" მეტსახელით იცნობენ, საქართველოში 1993 წელს, მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო, გაასამართლეს. მას ბრალად ედებოდა იმერეთის შს სამინისტროს სამხარეო სამმართველოს  მაშინდელი უფროსის, ელგუჯა ბუცხრიკიძის გატაცება.


ციხეში ყოფნის დროს ავთანდილ ხეცურიანმა ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდები გელა ყაჭეიშვილი, ქემალ მუსოიანი და ნუგზარ ჯანელიძე გაიცნო, რომლებმაც ახალგაზრდა ხეცურიანში  „კრიმინალური ტალანტი" დაინახეს და მას თავიანთ ძმურ ოჯახში  მიღების პატივი არგუნეს.


2012 წლის 17 იანვარს საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთა „კანონიერმა ქურდმა" სულხან თვალჭრელიძემაც. მეორე დღეს კი ასევე, უპრობლემოდ, სარფის გავლით თურქეთში გაემგზავრა.


ეს არასრული სიაა, რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს. ამ ინფორმაციით, გამოდის, რომ „კანონიერი ქურდები"  საზღვარზე უპრობლემოდ შემოსვლას წარსულშიც ახერხებდნენ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner