logo_geo
eng_logo
„ოდესელების პროვოკაცია“
- +

27 ივნისი. 2016. 19:30


გერლიანმა უკრაინული პასპორტით და „ჩაჩიბაიას" გვარით უპრობლემოდ გაიარა აეროპორტის სასაზღვრო გამშვები პუნქტი და „რუსთავი 2"- ის ტელეობიექტივის გარდა, მომდევნო სამი დღის განმავლობაში თვალით აღარავის უნახავს.


მისი დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 22 ივნისს, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველო-სომხეთის საზღვართან მოახერხა, საიდანაც გერლიანი ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.


საქართველოს და უკრაინას შორის არსებობს შესაბამისი შეთანხმებები, რომელიც უკრაინულ მხარეს ავალდებულებს, დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ შეატყობინოს.


საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სახელმწიფოების ტერიტორიებზე არალეგალურად მყოფ პირთა მიღებისა და გადაცემის შესახებ (რეადმისია) 2003 წლის 22 აპრილის შეთანხმება და ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2011 წლის 20 ოქტომბრის შეთანხმება.


გამოდის, რომ უკრაინულმა მხარემ ცალსახად დაარღვია ზემოხსენებლი შეთანხმებები, ვინაიდან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყნიდან განხორციელდა ე.წ. „კანონიერი ქურდის" დეპორტაცია, რომლის თაობაზეც ინფორმაცია ცნობილი გახდა არა ოფიციალური სტრუქტურებისთვის, არამედ „ნაციონალური მოძრაობისთვის".


საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დავით გერლიანთან დაკავშირებულ პროცესებს „ოდესელების პროვოკაციად" აფასებს. მისი თქმით, დეპორტი იყო თუ გამოძევება, ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინული მხარე ვალდებული იყო, ეს ფაქტი საქართველოს შესაბამისი უწყებისთვის ეცნობებინა.

 

„ყველასთვის დღესავით ნათელია, რომ ეს იყო პროვოკაცია და სხვას ვერაფერს დავარქმევ ამ ფაქტს, მაგრამ რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს, გარემოებები უნდა შეფასდეს ობიექტურად", - განაცხადა მღებრიშვილმა.


მისივე თქმით, ორ დღეში შს სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულად იმოქმედეს, დაადგინეს გერლიანის ადგილსამყოფელი, მიუხედავად იმისა, რომ მიმალვას ცდილობდა.


მღებრიშვილი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გერლიანის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მხოლოდ ერთ ტელეკომპანიას, ხოლო უკრაინულ მხარეს ოფიციალური უწყებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია.


„ძალიან მიკვირს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ოდესიდან თბილისში მიემგზავრებოდა, მხოლოდ ერთ ტელევიზიას ჰქონდა, ხოლო ოფიციალურ უწყებებს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ", - განაცხადა მღებრიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner