logo_geo
eng_logo
დავით გუმბერიძე: გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით
- +

25 სექტემბერი. 2020. 14:36

 

 

„ვერ გავაკეთებ კონკრეტულ განმარტებას მიხეილ რამიშვილთან ან სხვა ფიგურანტებთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით“, – ასე უპასუხა პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტების კითხვას, მოსალოდნელია თუ არა მიხეილ რამიშვილის დაკავებაც.

 

მისივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა დავით ფურცხვანიძის შვილის დაკავება, რომელსაც მან ფოტოების გაყალბება სთხოვა, პროკურორმა უპასუხა, რომ თუ დადგინდება დანაშაულის ნიშნები, ნებისმიერი პირის მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.

 

„რაც შეეხება მიხეილ რამიშვილის მოლოდინებს, ამ საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების და დადგენის მიზნით. მე ვერ გავაკეთებ კონკრეტულ განმარტებას რამიშვილთან ან სხვა ფიგურანტებთან დაკავშირებით, თუმცა, გიდასტურებთ, რომ გრძელდება გამოძიება.

 

გამოძიებით დადგენილი გვაქვს, რომ დავით ფურცხვანიძემ ეს ფოტოსურათები „სკაიპის“ საშუალებით მიიღო. ჩვენ მოვახდენთ ამ პირის იდენტიფიცირებას და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება ფურცხვანიძის შვილის პასუხისმგებლობას, გავიმეორებ, რომ ამ საქმეში მონაწილე ფიგურანტი პირების შესწავლა ხდება და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაულის ნიშნები, ნებისმიერი პირის მიმართ დავიწყებთ სისხლის სამართლებრივ დევნას“, – განაცხადა პროკურორმა.

 

რაც შეეხება სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს, დავით გუმბერიძის განცხადებით, პროკურატურა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.

 

„რაც შეეხება სატელიტურ ფოტოებს, თქვენ კარგად იცით, რომ მიმართული გვაქვს შესაბამისი ორგანიზაციებისთვის. ჩვენს საიტზე საჯაროდაც გამოვაქვეყნეთ ის კომპანიები, რომლებსაც საქართველოს პროკურატურამ მიმართა და ჩვენ ველოდებით პასუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პროკურორმა.

 

გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. სატელიტური ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner