logo_geo
eng_logo
ლადო სვანაძე: 2008 წლის კიბერშეტევის მიზანი საქართველოს ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევა იყო
- +

25 სექტემბერი. 2020. 18:08

 

 

 

საქართველოს კიბერუსაფრთხოების აკადემიის დამფუძნებელი, ლადო სვანაძე, რუსეთის მხრიდან მომავალ კიბერსაფთხეებსა და ბოლო წლებში წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე საუბრობს.

მისი თქმით, განსაკუთებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების კოორდინირებული მუშაობით, პასუხი გაეცეს რუსულ საინფორმაციო ომს, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ისტორიის გაყალბების მუდმივ მცდელობებს.

 

“2008 წელს, როცა საქართველოს ტექნიკური ინფრასტრუქტურა და ინფორმაციული სისტემები საერთოდ გაითიშა, 80% ჩვენი სისტემისა, აგვისტოს ომის პარალელურად, რუსული კიბერშეტევის შედეგად პარალიზებული გახდა. თუმცა, პერმამენტული შეტევები იმავე წლის იანვარ-თებერვლიდან უკვე შესამჩნევი იყო, რაც, სავარაუდოდ, ქართული კიბერსივრცის სუსტი წერტილების გამოვლენას ემსახურებოდა... 2008 წლის კიბერშეტევის მთავარი მიზანი მაშინ საქართველოს ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევა გახლდათ, რათა მსოფლიოს საზოგადოებამდე ვერ მიეღწია ინფორმაციას, რა ხდებოდა რეალურად ქვეყანაში. ბოლო პერიოდში რუსულმა ტაქტიკამ გარკვეული ცვლილება განიცადა - კიბერშეტევები ჰიბრიდული ომის ერთ-ერთმა ელემენტმა, საინფორმაციო ომმა ჩაანაცვლა. დაიწყო აქტიური იდეოლოგიურ-პოპაგანდისტული საქმიანობა სხვადასხვა არხის მეშვეობით - იქნება ეს ტრადიციული მედია თუ ონლაინსივრცე.

რასაკვირველია, პროპაგანდისათვის ონლაინსივრცე საუკეთესო პლატფორმა აღმოჩნდა მასში კონტენტის განთავსების სიმარტივის გამო - მინიმალური დანახარჯი, მინიმალური ცენზურა და შედეგის მაღალი მაჩვენებელი.

რაც შეეხება იმას, სახელმწიფო დონეზე რა უპირისპირდება არამარტო კიბერშეტევებს, არამედ ზოგადად, საინფორმაციო ომს, მინდა, უკრაინის მაგალით მოვიყვანო - 2008 წელს, როცა მსოფლიოში ჰიბრიდული ომის ნიშნები აშკარად შეიმჩნეოდა, საქართველოს შემდეგ, მსგავსი ტიპის კიბერშეტევა განხორციელდა უკრაინაზეც - ფაქტობრივად, ეს სრულმასშტაბიანი ჰიბრიდული ომი გახლდათ - ამ მოვლენების შემდეგ, უკრაინაში შეიქმნა სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საინფორმაციო ომის საპასუხო რეაქციაზე. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საქართველოში სახელმწიფო დონეზე არავითარი მუშაობა არ მიმდინარეობს. როცა სახელმწიფო კონკრეტულ პრობლემას ვერ პასუხობს, ამ ნიშას არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი მოძრაობები იკავებენ - საინფორმაციო ომის წინააღმდეგ დღეს საზოგადოების აქტიურობა გაცილებით მეტად შეინიშნება, ვიდრე სახელმწიფოსი. თუმცა, ცალსახაა კომპლექსური მუშაობის აუცილებლობა - საჯარო, სამოქალაქო თუ კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების ჩართულობით. რასაკვირველია, მიმდინარეობს მცირე პროექტები, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენას ემსახურება, თუმცა ეს გახლავთ ზღვაში წვეთი და სრულად ვერ პასუხობს გამოწვევის მასშტაბებს.

აღნიშნული დეზინფორმაცია ხშირად მოიცავს ანტიდასავლურ განწყობებს და საზოგადოებაში დასავლეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შექმნას, ამავდროულად კი, პრორუსული შეხედულებების გაძლიერებას ისახავს მიზნად - ფაქტია, უპასუხოდ დარჩენილი დეზინფორმაცია სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს, განსაკუთრებით კი პატარა ქვეყანას, სადაც დემოკრატიის ჩანასახები, ფაქტობრივად, ახლა ვითარდება. საზოგადოების ცნობიერებაში დალექილი ინფორმაციის შეცვლას კი ხშირად თაობები სჭირდება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, დეზინფორმაცია აღმოიფხვრას მანამ, სანამ ღრმად გაიდგამს ფესვებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსული პროპაგანდა ნაყოფიერი ქართული ფსიქოტიპის სრულად შესწავლის ხარჯზეა - აბსოლუტურად ზუსტად იციან, რა ტიპის დეზინფორმაცია და რომელი თემები იქნება მათთვის უფრო მომგებიანი საქართველოში. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული კუთხეების მიხედვით შეისწავლა რუსეთმა ქართული ყოფა-ცხოვრება, ხასიათი, ადამიანის ბუნება - იციან, რა აუდიტორიაზე მუშაობენ.

რასაკვირველია, რუსეთს დიდი გავლენა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საინფორმაციო ველის ფორმირებაში, რასაც, სამწუხაროდ, კვლავ ვერაფერს ვუპირისპირებთ - მავთულხლართებს მიღმა მომხდარი ნებისმიერ ფაქტის საპასუხოდ საქართველოს მხოლოდ საერთაშორისო ტრიბუნა გააჩნია. ცხინვალის რეგიონში, ისევე, როგორც აფხაზეთში, აქტიურად მუშაობს პროგანდისტული მანქანა და შედეგებიც აშკარაა - ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის სიმპატიები ჩრდილოეთით იხრება. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მავთულხლართებს მიღმა ალტერნატიული გზავნილები მივაწოდოთ.

1980-იანი წლების ბოლოს აკადემიკოსმა სახაროვმა გააკეთა განცხადება, თითქოს, ქართველები იყვენენ "იმპერიალისტები, რომლებმაც მცირე ერები, აფხაზები და ოსები, დაიპყრეს" - სწორედ ამ იდეას ავრცელებენ ახლაც, რის საპასუხოდაც ჩვენ ჩვენი ნარატივი და შესაბამისი კონტენტი უნდა შევქმნათ.

ამ ნარატივის შექმნის, რეალობის ასახვისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისათვის კონკრეტული გზავნილების მიწოდების ნებისმიერი მცდელობა მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე, რომელსაც "ცხინვალი 1920" ემსახურება, არ გახლავთ მხოლოდ 1920 წლის ისტორიული მოვლენების ასახვისათვის მნიშვნელოვანი, არამედ ეს გარკვეული გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. გენოციდის თემით ამგვარი აპელირება პირდაპირ ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს საერთაშორისო საზოგადოებაში, ასევე, აზიანებს იმ დემოკრატიას, რომლისკენაც მივისწრაფით.

სიმართლის ჩვენება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აუცილებელია, არავის გააჩნდეს საფუძველი, სახაროვის მსგავსად, იმპერიალისტებად მოიხსენიოს ქართველები, რომლებმაც, თითქოს, ოსებს გენოციდი მოუწყვეს."

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner