სამწუხაროდ გაერო-ს შექმნიდან 75 წლისთავზე ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაერო-ს ქარტიით განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები ყოველდღიურად ირღვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ საერთო განსაცდელის წინაშე ყველა უნდა გაერთიანდეს და გამოყენებული უნდა იყოს თითოეული სახელმწიფოს უნიკალური შესაძლებლობები.
„დღეს, კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო გაეროს ქარტიისადმი ჩვენი ურყევი ერთგულება, რათა უზრუნველყოფილი იქნას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება.
აქ არაერთხელ თქმულა, რომ გაერო-ს ყველა სახელმწიფო თანასწორია, პანდემიამ ეს ნათლად გვიჩვენა; გვიჩვენა, რომ საერთო განსაცდელის წინაშე ყველა უნდა გავერთიანდეთ, გამოვიყენოთ თითოეული სახელმწიფოს უნიკალური შესაძლებლობები. სამწუხაროდ, მხოლოდ კოვიდ-19 არ არის საერთაშორისო გამოწვევა, ასეთი კიდევ ბევრია - შეირაღებული კონფლიქტები, სიღარიბე, კლიმატის ცვლილებები, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები, ტერორიზმი და საერთაშორისო კრიმინალი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და კიდევ ბევრი სხვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სწორედ ერთობით დამარცხდება მსოფლიო პანდემია, ვინაიდან ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება.
„საქართველოს მრავალათასწლოვანმა ისტორიამ გვასწავლა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ერთობას. ჩვენი ქვეყნის გერბზეც ასე წერია - ძალა ერთობაშია! ამ ერთობით უკვე წლებია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვუდგავართ გვერდში, ამ ერთობით შევძელით უხილავი მტრის - კოვიდ-19-ის პირველ ტალღასთან გამკლავება. სწორედ ამ ერთობით უნდა დავამარცხოთ მსოფლიო პანდემია, ვინაიდან ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება.
მხოლოდ ასე შეგვეძლება, პირნათელი ვიყოთ ჩვენი მომავალი თაობების წინაშე, რომლებიც ამ პერიოდს შეაფასებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე რთულს.
ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ძალა და, სიძნელეების მიუხედავად, ეს ურთულესი კრიზისიც განვითარების შესაძლებლობად ვაქციოთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.