logo_geo
eng_logo
გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა
- +

25 სექტემბერი. 2020. 23:15

 

N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს.

 

საქმე ეხება მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ნოდარ ქინქლაძე პატიმრებს გაუპატიურებით დაემუქრა. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიას მსჯავრდებულ შ.ჭ.-ს მეუღლე და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ესაუბრნენ. ამასთან, 25 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს სახალხო დამცველის კომენტარი. მოცემულ თემაზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებთან N8 პენიტენციური დაწესებულების „პატიმრები საუბრობენ სავარაუდო მუქარაზე და ასევე, საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ, თუმცა, საუბარი არის არა ციხის დირექტორზე, არამედ სავარაუდოდ, მოადგილის გვარი იყო ნახსენები“. სწორედ ამიტომ, დაკითხვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ითხოვს არა მხოლოდ ნოდარ ქინქლაძე, არამედ მისი მოადგილე როინ დეკანოიძეც.

 

აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა კობაიძემ 25 სექტემბერს უარი განაცხადა, გამოცხადებულიყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში და უწყებისთვის მიეწოდებინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამაგიეროდ N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია და მთლიანად სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უწყებებთან, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნოდარ ქინქლაძის და როინ დეკანოიძის მერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისადმი მიმართვაც, ვინაიდან ყველაზე მეტად სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის და პენიტენციური სამსახურის ინტერესში შედის, რომ საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტება დადგინდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner