„სომხეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების ინტენსიურ დაცხრილვას ყარაბაღში“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ხიკმეთ გაჯიევმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია გარდაცვლილთა და დაჭრილების შესახებ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირებს შორის. მისივე ცნობით, სერიოზული ზარალი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა იღებს კონტრშეტევით ზომებს მორიგი სამხედრო პროვოკაციის აღსაკვეთად და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გაჯიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი არაერთხელ აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგაოებას, რომ სომხეთი ომისთვის ემზადება.
„მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.