პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ხვალ, 28 ივნისს გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK სოციოლოგიური კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს, რომელიც „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარდა.
„დაანონსდა, რომ ხვალ, 28 ივნისს გამოქვეყნდება სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა რუსთავი2-ის დაკვეთით.
კვლევას ფასი მაშინ აქვს, როდესაც სანდოა, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების დეზინფორმირებას და შეცდომაში შეყვანას ემსახურება!
დამკვეთები გვარწმუნებენ, რომ GFK-ს კვლევა უაღრესად ზუსტი და სანდოაო!
ცხონებული რეიგანი ხშირად იმეორებდა, "ენდე, მაგრამ გადაამოწმეო!" გავიხსენოთ უახლოესი ისტორია:
2012 წლის არჩევნებზე ოთხი ეგზიტპოლი ჩატარდა, რომელთა შედეგებიც 1-ლი ოქტომბრის საღამოსვე გამოქვეყნდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისა და „იმედის" დაკვეთით ეგზიტპოლს აწარმოებდა Edison Reaserch, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით - GFK, ტელეკომპანია „მაესტროს" დაკვეთით - Penn Schoen Berland და არასამთავრობო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგა".
დანარჩენი ორგანიზაციებისგან განსხვავებით GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი - ქართული ოცნება -33%, ნაციონალური მოძრაობა - 33%, ქრისტიან-დემოკრატები - 2%, რეალობისგან იმდენად შორს აღმოჩნდა, რომ ძნელია, ამას უბრალოდ შეცდომა და არაპროფესიონალიზმი ეწოდოს!
ეს არის ფაქტი, რასაც წყალი არ გაუვა და რისი გადამოწმებაც ადვილად შეუძლია ნებისმიერს!
არსებობს ზეპირი გადმოცემები იმის შესახებ, რომ GFK-ს მხოლოდ შირმად იყენებდნენ და სინამდვილეში ეს მონაცემები "სხვებმა" შეთხზეს და მერე GFK-ს და საზოგადოებრივს "ჩაუდეს" არჩევნების გაყალბებისთვის ფონის შესაქმნელად, თუმცა, ამ ვერსიის დამტკიცება იოლი არ არის!
ასე რომ ვრჩებით აუხსნელი ფაქტის პირისპირ - თუმცა GFK-ს კვლევა სრულიად არ შეესაბამებოდა რეალობას, მაგრამ არ შეგვიძლია დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რისი ბრალი იყო ეს - არაპროფესიონალიზმის, გამოუცდელობის თუ კიდევ სხვა რამის?!
სანამ ახალი კვლევის შედეგების ანალიზს დავიწყებთ, წესით, კვლევის შემკვეთებმა და ამ დარგის ექსპერტებმა ჯერ ის უნდა ახსნან, რატომ უნდა მოსვლოდა GFK-ს ასეთი დიდი შეცდომა?! იქნება ახლაც ეშლებათ?! რეიგანი ტყუილად კი არ იმეორებდა, "ენდე, მაგრამ გადაამოწმეო!"