logo_geo
eng_logo
არა, ყველაფერზე არ უნდა წახვიდეთ!
- +

28 ივნისი. 2016. 02:08


(ფიქრები თავდაცვის მინისტრის სკანდალურ ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც უქმდება (!) საყოველთაო სამხედრო გაწვევა. ალავერდი მთავრობის, პარლამენტის და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელებს)

 


რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს წინასაარჩევნო "პიარი"?!

საინტერესო კია რესპუბლიკური პარტიის წევრის, მინისტრის თინა ხიდაშელის ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულია თუ ერთპარტიული?


აშკარაა, რომ მინისტრის ეს ბრძანება არ არის ტექნიკური ხასიათის,რისი უფლება მას, რა თქმა უნდა, აქვს. მაგრამ, ტექნიკური ხასიათი ითვალისწინებს მხოლოდ გაწვევის ვადებს (!), გასაწვევთა რაოდენობას და სხვა ტექნიკურ საკითხებს. თავად გაწვევის, როგორც თავდაცვის პროცესის უსერიოზულესი შემადგენელი ნაწილის არსებობა-არარსებობა გახლავთ სახელმწიფოებრივი, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხი, რომელიც ცდება ერთი სამინისტროს-თავდაცვის უწყების ფუნქცინალურ საზღვრებს და მისი ერთპიროვნული ჰარიჰარად გადაწყვეტას ამ უწყების ხელმძღვანელის მხრიდან სახელმწიფოებრივი წესრიგის დარღვევის ელფერი დაკრავს. ეს რბილად რომ ვთქვათ.


რეალურად კი ეს ბრძანება ქაოსს გამოიწვევს საერთოდ გაწვევის სფეროში, რამეთუ გაწვევის პრეროგატივა სხვა უწყებებსაც აქვს და ისინი ვალდებულნი არ არიან თავდაცვის მინისტრის ბრძანება სახელმძღვანელოდ მიიღონ. ასეთი გადწყვეტილების შესრულების ვალდებულება მათ ექნებოდათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა მთავრობის მიერ პრემიერ კვირიკაშვილის ხელმოწერით. პრემიერს კი აუცილებლად დაჭირდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიღების წესი განსაზღვრულია კანონმდებლობით.


როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ხარვეზები კანონმდებლობაში, რომლის ხვრელებში ხიდაშელმა "გააძვრინა" თავისი გადაწყვეტილება და ამოეფარა პრინციპს: "ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული, დასაშვებია"

არა, ქალბატონებო და ბატონებო, ყველაფერზე არ უნდა წახვიდეთ!


ერთი რამ ცხადია: ხიდაშელმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ძირშივე მიუღებელია, რამეთუ არამარტო სცილდება თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილების საზღვრებს, არამედ უცერემონიოდ შეიჭრა მთავრობისა და პარლამენტის კომპეტენციაში. სრული იგნორირება გაუკეთა უშიშროების საბჭოს და მთავარსარდალს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი წარმოადგენს.

ასე წინათ იქცეოდნენ, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში და მერე ცნობილია, თუ მსგავს ნაბიჯებს რა მოჰყვებოდა...


ჩვენთვისაც რომ არ არის უცხო ეს სიტუაცია! ჩვენც რომ გვაქვს იმის მწარე გამოცდილება, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელის თვითნებობას! სამხრეებიან მინისტრს, რომელსაც "ცა ქუდათ არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად", "სააგარაკედ" მოწონს... რკონი, ან თბილისის ზღვა... მოლბერტად- რუსთაველის პროსპექტს... გასართობად-მთავრობის სახლის დაბომბვა... დიახ, ასეთ თვითნებობას მოჰყვება ძმათა ომი? ან ისეთი ტრაგედია, რომლის ანალოგები გვქონდა აფხაზეთში, სამაჩაბლოში...

და განა ძალიან შორს ვართ მსგავსი უკიდეგანო თავხედობიდან?

განა ამაზე არ მეტყველებს ის გამაოგნებელი განცხადებები რაც გაკეთდა?

პრეზიდენტი, ქვეყნის მთავარსარდალი: ამ "ინიციატივის" შესახებ არაფერი ვიცოდი!!!!!


პარლამენტის პროფილური კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი: "მას მინისტრობამდე ორი კვირა დარჩა და ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებს და ამბობს: მომავალ მინისტრს თუ არ მოეწონება, გააუქმოს. ეს არ არის სწორი ქმედება, მით უფრო, რომ შეთანხმებული არ ყოფილა არც პრეზიდენტთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან და არც თავდაცვის კომიტეტთან. ის ამბობდა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ სურდა, ჩვენ ყველანი ვამბობდით, რომ საჭირო იყო"...

ძნელია ამ ვითარებას უწოდო სხვა რამ, თუ არა აბსურდის თეატრი!

უკვე გასაჯაროვდა ჩვენი გაწონასწორებული პრემიერის უარყოფითი დამოკიდებულება ამ აქტისადმი.

შედეგი?


ამას, ალბათ, უნდა მოჰყვეს ამ ბრძანების ოფიციალური გაუქმება მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, თანაც ისეთი ფორმულირებით და დასკვნებით, რომ მომავალში არავის გაუჩნდეს სურვილი ვიწროპარტიული თუ სხვა, თუნდაც ზემაღალი პოლიტიკური მიზნების გამო, თავზე გადაახტეს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ორგანოებს და წესებს.


P.S.: ერთს დავამატებდი კიდევ: წინამორბედიც აკეთებდა ისეთ პოლიტგანცხადებებს, რომელიც პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის სპიკერის ან საგარეო უწყების ხელმძღვანელის პრეროგატივა იყო. ეს ყოყლოჩინური ნაბიჯები იწვევდა გაკვირვებას არამარტო ჩვენში, არამედ ქვეყნის გარეთაც! მიზეზი შემდგომ აშკარა გახდა: ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესი და საკუთარი პერსონის და პოლიტიკური წონის გაზვიადებული წარმოჩენა. შედეგი რაც მოჰყვა ამ "თინეიჯერულ" თამაშც, გვახსოვს. კოალიციის დაშლა, თავდაცვის მინისტრის გადადგომა და პოლიტიკური კრიზისის ნიშნები...

ნუთუ იგივე მეორდება ახლაც?

სად დაიწერა ეს "ნაცნობი" სცენარი?

ისმება ბუნებრივი შეკითხვა: ამ ქვეყნის პატრონი კონსტიტუციური ორგანოები არიან თუ... პარლამენტის სპიკერის მეუღლე, შეთავსებით თავდაცვის მინისტრის პოსტი რომ უკავია!

თუ მედიასთან შეხვედრაზე გაჟღერებულ განცხადებას სწორად გავიაზრებთ, ქალბატონ მინისტრს სჯერა, რომ მას "ყურებზე ხახვს" ვერავინ დააჭრის.

დილა მშვიდობისა, ჩემო ქვეყანავ!!


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner