გვესაუბრება ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:
– ბატონო რამაზ, „აირაის“ კვლევების თანახმად საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერავინ მიიღებს და კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალია. რეალურად, რა ხდება?
– ნუ, ახლა, „აირაის“ როგორ ასწავლი რეალობას. თუმცა, მათივე კვლევებიდანაც აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი ხმა აქვს, ვიდრე სხვა პარტიებს. მაშინ, გაუგებარია საიდან ასკვნიან, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ ხალხი არ ენდობა?! ასე, თავიანთი კვლევების მიხედვით მსჯელობენ, ხომ ეს წინააღმდეგობა მათ არ აწუხებთ. ვიმეორებ, მათი კვლევებითაც კი „ქართულ ოცნებას“ 33% აქვს, ხოლო სხვა კვლევებით ბევრად მეტიც – 55%. რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, როგორ შეიძლება იგი არსებობდეს თუ უმრავლესობას „ქართული ოცნება აიღებს. კოალიციას ხომ ის პარტია ქმნის, რომელიც უფრო მეტ მანდატს ფლობს. შესაბამისად, კოალიციის შექმნის ინიციატივის უფლება „ქართულ ოცნებას“ ექნება. ამიტომაა, რომ ოპოზიცია ერთმანეთს დედას აფიცებს მმართველ პარტიასთან არ ვითანამშრომლებთო ანუ, ამით სამთავრობო კრიზისის შექმნა უნდათ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ კოალიციის შექმნა ვერ შეძლოს სწორედ ეს არის მათი ძირითადი მიზანი იმ წინასწარი ფიცი-მტკიცებისა, რომ მმართველ პარტიასთან არ ითანამშრომლებენ. მმართველი პარტია უპრობლემოდ იპოვის პარტიებს, ვისთანაც შეამხანაგდება და კოალიციას შექმნის. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების საკმარისი ოდენობა რომც ვერ აიღოს, მას კოალიციის შექმნის პრობლემა არ ექნება. ასე რომ, გაუგებარია რას ეყრდნობა „აირაი“, როცა ამბობს: გარდაუვალია კოალიციის შექმნა ხელისუფლებისთვის წამგებიანი პირობებითო.
– მოდით, შესაძლო ვარიანტები განვიხილოთ. ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაცებმა“ 40-40% აიღეს. რა ხდება ამ შემთხვევაში, ვინ ადგენს კოალიციურ მთავრობას, ეს ვისი პრეროგატივა იქნება?
– 40+1 ვისთანაც იქნება, ის შექმნის კოალიციურ მთავრობას. თუ თანაბრად გაიყოფა პროცენტები, მაშინ კოალიციური მთავრობა საერთოდ არ შედგება. სახეზე იქნება სამთავრობო კრიზისი და არჩევნები ხელახლა დაინიშნება.
– ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ 45% აიღო. მოხდა ისე, რომ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ, მათ ხომ შეეძლებათ მთავრობა თავად დააკომპლექტონ?
– არჩევნების შემდეგ თუ გაერთიანდებიან მანდატების იმ რაოდენობას მიიღებენ, რაც არჩევნების გზით მიეკუთვნათ. ისინი არ იქნებიან ერთი სუბიექტი. შესაბამისად, თითო პროცენტიანი პარტიების ერთობა „ქართული ოცნების“ პროცენტებს ვერ გადაწონის.
– მაგრამ თუ ეს ერთპროცენტიანი პარტიები გაერთიანდნენ და 55% შეადგინეს?
– ისინი გაერთიანდებიან თუ არა, ეს ისევ, „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული. როგორ შეიძლება კოალიცია პატარა პარტიებმა შექმნან, მაშინ ხმების რაოდენობას რა აზრი აქვს? საპარლამენტო რესპუბლიკაში ვართ ხომ? – ვისაც მეტი ხმები აქვს გამარჯვებული ის არის. მაშინ რა აზრი აქვს ბევრი ხმების მოპოვებას, თუ თითო ხმიანი პარტიები შეიძლება გამარჯვებულნი აღმოჩნდნენ. ისინი რომც გაერთიანდნენ 55% ვერ შეადგენენ იმიტომ, რომ კოალიციის შექმნის ინიციატივა იმ პარტიას ეკუთვნის, რომელიც მეტ ხმებს მიიღებს. არცერთი ტიპის მმართველობაში არ წერია, რომ ცოტა ხმების მქონე პარტიებმა ქვეყანა მართონ. ასე, ამომრჩეველი გამოდის იდიოტი, უფრო სწორად დაბრიყვებული.
– თუ ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ ხმები არ ეყოფა და კოალიციის შექმნა მოუწევს, ვისთან გესახებათ მისი გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა?
– ჯერ ერთი, „პატრიოტთა ალიანსის“ 3%-იც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმავე მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, რასაც „აირაი“ აქვეყნებს. მათი კვლევებით „ქართულ ოცნებას“ 38% აქვს, ხომ?
– 33%.
– ცოტა მეტი ვერ დაუკლეს კიდევ?! სხვა პარტიებს რამდენი აქვთ?
– 15% აქვს „ნაციონალებს“, დანარჩენ პარტიებს ერთნიშნა რიცხვი.
– მერე და მერე რომ იკლებს პარტიების პროცენტები, მათ შორის, არის „ლელოც“. ვიცით, მკაფიოდ, იგი სად იქნება?! პატარა პროცენტები ყოველთვის მოიძებნება. მცირე ციფრები საკმარისია. აქვე არსებობს კვლევების სხვა მონაცემებიც. მარტო აირაიზე რატომ ვსაუბრობთ. ეს გახლავთ დისკრედიტირებული სოციოლოგიური სამსახური. უარესი დისკრედიტაცია ძნელია წარმოიდგინო. რატომ ვლაპარაკობთ „აირაიზე“? ყველა ამ ორგანიზაციას აპიარებს. სწორედ ამის გამოა, რომ მომავალ არჩევნებზე კიდევ ჩაატარებს გამოკვლევებს და კიდევ რაღაც იდიოტობებს გამოაქვეყნებს. მედია ხელს უწყობს ამ ანტიპროფესიონალიზმის, უნამუსოების ქართულ სინამდვილეში ტივტივს. რატომ აკეთებს ამას ქართული მედია არ მესმის. თუ სხვა კვლევები არ ტარდება გასაგებია, მაგრამ პარალელურად, ხომ ოთხი ორგანიზაციის კვლევაა კიდევ დადებული, მათზეც ვისაუბროთ.
– კი ბატონო, სხვა კვლევებზეც ვისაუბროთ: გამოკვლევები ჩაატარა „გორბმა+, „რუსთავი2“-მა.
– გამოკვლევების უმრავლესობა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ბარიერს ლახავს და მთავრობას ქმნის. განსხვავებულ შედეგებს მხოლოდ ის სოციოლოგიური სამსახურები იძლევიან, რომლებიც დიდი ხანია შემჩნეულნი არიან იმაში, რომ „ნაცმოძრაობის“ ტიპის ოპოზიციას უჭერენ მხარს და ცდილობენ შედეგები მათი ინტერესების გათვალისწინებით დადონ. მაგრამ „აირაის“ კვლევითაც კი „ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი პროცენტი აქვს, ოღონდ, ცდილობენ პრობლემად წარმოაჩინონ ის, რომ საჭიროა კოალიცია. ეს უნამუსო, პოლიტიკურად მოტივირებული გამოკვლევებია. „აირაი“ და „ენდიაი“ ყველა არჩევნებში პოლიტიკურად მოტივირებულ შედეგებს იძლევიან. „ქართულ ოცნებას“ უფლება აქვს კოალიცია შექმნას, მცირე პარტიებს კი ამის უფლება არ აქვთ. ყველა ქვეყანაში უმრავლესობის მომპოვებელი პარტია ქმნის კოალიციას. აგერ, ისრაელში, ახლახან, დიდი ვნებათაღელვა იყო – ნეთანიაჰუს კონკურენტმა მცირე განსხვავებით მოიპოვა უმრავლესობა და მას კოალიციის შედგენა დაავალეს. მან ვერ შეძლო და მერე, ეს საქმე, ნეთანიაჰუს დაავალეს. ის, რომ კოალიციის შექმნა დაავალონ პარტიებს, რომლებიც მიკროსკოპით უნდა მოძებნო, ასეთი რამ არსად ხდება. ასეთ რამეს ამბობენ მარტო ჩვენთან უმცირესობაში მყოფი, იგივე, სამიკროსკოპო პარტიები.
– კოალიციურ მთავრობას გარე ძალებიც გვთავაზობენ, თითქოს, სადღაც უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ არჩევნების შედეგი კოალიციური მთავრობა უნდა იყოს. როგორ ფიქრბთ, „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას?
– დიახ, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება მოვლენების მსვლელობის მიხედვით. უმცირესობას ბოლო ნახევარი წელი ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ივარაუდო პარტია ამომრჩეველს მოიპოვებსო. „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა იმ ტიპის ნაბიჯი, რათა გაეძლიერებინა ამომრჩევლის სიმპათია კოვიდთან ბრძოლის დროს. როცა ოპოზიცია ლოგიკის გარეშე გვთავაზობს: ჩვენ გავიმარჯვებთო და ამას განვიხილავთ გამოდის, ისინი იმაზე მუშაობენ, რომ ჩვენ იდიოტები ვართ.
„ნაცმოძრაობას“ ისეთი ავტორიტეტი აქვს, მათი ხსენება არავის უნდა და დანარჩენ პარტიებს ავტორიტეტი საერთოდ არ აქვთ. ამ მდგომარეობაზეა გათვლილი. რის ხარჯზე უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, გამაგებინეთ?!
კოალიციური მთავრობა „ნაცების“ პროპაგანდაა. უგულავა ამბობდა: კოალიციური მთავრობა უნდა შევქმნათო. ეს, ემსახურება „ნაცებს“. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ თქვენ „ნაცების“ მომხრე ხართ, არამედ ეს თემა ტექნიკურად არის შემოგდებული. ის რომ მედიის პრობლემა დგას, ფაქტია. ბოლო ხანებში მიდის ამაზე მსჯელობა – „ქართულ ოცნებას“ ეყოფა თუ არა ხმები კოალიციის შესაქმნელად, ეს ნაცების წისქვილზე წყლის დასხმაა. ამას „აირაის“ მეშვეობით აკეთებენ.
– მოდით, მაშინ იმაზე ვისაუბროთ, რაც თქვენ მიგაჩნიათ, რომ „ნაციონალების“ წისქვილზე არ ასხამს წყალს?
– „ნაციონალების“ წისქვილზე არ ასხამენ წყალს თავად „ნაციონალები“ პარტიის ლიდერი ქარიზმატულია, 12-დან 16%-მდე ადამიანს უყვარს. ქარიზმატულ ლიდერს ამდენი სისულელე აკეთებინო, ყოვლად წარმოუდგენელია. თუნდაც, ის, რომ ეს უკრაინაში მყოფი ლიდერი პრემიერ-მინისტრად დაასახელო, ამას მოხერხება უნდა. ის, რომ ჯერ ერთიანობა იძახო და მერე, ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირო, ამასაც მოხერხება უნდა. ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ. ის, რომ ხალხს უჭირდა და მათ თითი არ გაუნძრევიათ მაშინ, როცა ძალიან მომგებიანი იქნებოდა, თუნდაც, ნახევარი ხელფასი დაედოთ, ესეც არ გააკეთეს. ანუ გამოტოვებული ნაბიჯები, შეცდომები უამრავი აქვთ. „ქართულმა ოცნებამ“ ავად თუ კარგად სტაბილურობა შეინარჩუნა, ამ ხნის მანძილზე ომი არ ყოფილა, კოვიდს აჯობა, არავის არ გამოეკიდა ცოცხით.
„სტრატეგია აღმაშენებელს“ ეკონომიკაზე აქვს აქცენტი გაკეთებული, ამ დროს, გვერდით ჰყავს ჩარკვიანი, რომელიც ეკონომიკაში ჩახედული არ არის. არის კიდევ ასეთი ვერსია: „ნაცმოძრაობამ“ ხომ ახლა 3-5 ალიანსი გააკეთა. ეს იმიტომ, რომ მას არ ჰყავს ხალხი და სიაში ვერავის წერს. ამიტომ, სჭირდება „რესპუბლიკელები“, რომელთაც სიაში ჩასვამს და ა.შ. დეფიციტი აქვს სიის. იქ, სადაც დეფიციტი არ აქვთ – მაჟორიტარებში, ვნახეთ, რომ არავისთვის დათმობას არ აპირებენ. აქ, რადგან სხა პარტიებს უთმობს ადგილს, ე.ი. სიის შედგენა არ შეუძლია, არ ჰყავს ხალხი. ამაზე ლაპარაკობენ.
– „გაერთიანებულ ოპოზიციაზე“ რას იტყვით, რომელმაც არჩევნებამდე სამი თვით ადრე ეს სტატუსი დაკარგა?
– ის, რომ სხვა პარტიები შეიერთა თუ არ ვცდები ამაზე კანონი მოსთხოვს იმ ოდენობის პროცენტები გადალახოს, რამდენი პარტიაც ჰყავს. რა თქმა უნდა, გადალახავს ამ პროცენტს, მაგრამ შემდეგ, პარლამენტში მხოლოდ „ნაციონალებს“ კი არ შეიყვანს, არამედ იმ პარტიებს, რომლებიც როდის რას იზამენ, კაცმა არ იცის. ასე რომ, „ნაცმოძრაობა“ განწირულია დასამარცხებლად.
– „ნაცები“ საუბრობენ, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება. თავად „ნაცმოძრაობა“ რისთვის ემზადება 1 ნოემბერს?
– ეს სცენარი, თითქმის, ბოლომდე ჩანს. „ნაცებში“ ამ განწყობების მომწიფებას ხელს უწყობს ბელორუსის მოვლენები. მერე, იტყვიან: როგორც ბელორუსიაში, საქართველოშიც ისე მიდის პროცესებიო. აქ, იმ სცენარის გამეორების ხალხის იმის მეათედი მაინც სჭირდება, რაც ბელორუსის ქუჩებში დგას. „ნაცებს“ და მის ნასხლეტებს ამდენი ხალხის მხარდაჭერის მოპოვება არ შეუძლიათ.
თამარ შველიძე