ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მარტში მიმართავს.
„იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ევროპარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა უნდა შევიდეს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მეგობრები ევროკავშირში აღნიშნულს მარტის თვეში გააკეთებენ და მარტში შევა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მათზეა დამოკიდებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის მხრიდან სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოქვეყნებას დღეს ელოდება. „მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახან ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!" - წერს ზვიად კვაჭანტირაძე „facebook"-გვერდზე.