19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მირიან ნიკოლაძემ საკუთარი პარტიის საარჩევნო სიის ათეულში მოხვედრაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
სანდო წყაროს ინფორმაციით, ნიკოლაძემ არათუ საერთოდ სიაში მოხვედრაზე, არამედ ათეულში ყოფნაზეც კი განაცხადა უარი.
„2020NEWS“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, მირიან ნიკოლაძეს დაუკავშირდა და ნიკოლაძემ ჩვენი ინფორმაცია დაადასტურა.
„ვადასტურებ ამ ინფორმაციას, მე არ მოვხვდები საარჩევნო სიაში, რადგან სალაპარაკო აღარ დავუტოვო არავის და ჩემი ტრაგედია გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით, არ გააიგივონ პოლიტიკასთან.
„ჩემი ამ გადაწყვეტილებით, ხელს აღარ შევუშლი არავის და იმ ადამიანებს, რომლებსაც გული უსკდებოდათ, ნიკოლაძეს პარტიაში რა უნდაო, მათთაც მოვაპოვებინებ მშვიდობას და მე ვიქნები დიდუბე-ჩუღურეთში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, გედევან ფოფხაძის შტაბის ხელმძღვანელი“, – განაცხადა ნიკოლაძემ სააგენტოსთან საუბრისას.
მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც მას აკრიტიკებდნენ, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიას თავად იყენებდნენ პოპულარობის გაზრდისთვის და პოლიტიკაშიც შემოვიდნენ, მეტიც, კენჭს მაჟორიტარობის კანდიდატად იყრიან.
„ვინც ხაზს უსვამდა იმ საკითხს, რომ მე ჩემი პოლიტიკური პრესტიჟის მოპოვებას გიორგის ხარჯზე ვცდილობდი, ზუსტად ისინი ვიხილე პოლიტიკაში. ვინც კი ვნახე გიორგის საქმეზე ორი სიტყვით გამოსული, ყველა მაჟორიტარობის კანდიდატად დადგა. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ როდესაც შენ გაბრალებენ რაღაცას და თვითონ უარესს აკეთებენ, არ არის სწორი.
არ მინდა, რომ პარტიული სია სალაპარაკო გახდეს, ჰოდა, დადგნენ და ერთმანეთში ისაუბრონ, ვინ დადგა მაჟორიტარობის კანდიდატად და ვინ არა. მორალურად ვისი საქციელია სწორი, ამას საზოგადოება განსჯის“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.