logo_geo
eng_logo
შოთა ხიზანიშვილი, ვაჟა ლელუაშვილი და ლევან ქარდავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა
- +

28 ივნისი. 2016. 11:37



„ქართული ოცნების"  ლიდერების უკანონოდ მოსმენის, „მეცხრე არხის" ტვირთების დაზიანებისა და  უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული გაამტყუნა. საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდზე.


საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით შოთა ხიზანიშვილი გაამტყუნა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2012 წლის ამნისტიით მოაკლდა 6 თვე და საბოლოოდ წელიწადი და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა. სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა და საბოლოოდ მოსახდელი წელიწადი და 3 თვე დარჩა.


ხიზანიშვილი, რომელსაც გირაო ჰქონდა შეფარდებული, სასამართლოს მანდატურებმა დარბაზიდან აიყვანეს. რაც შეეხება მეორე მუხლს - თანხის გაფლანგვას, რომელიც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, ხიზანიშვილი ამ მუხლში გამართლდა.


მოსამართლის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომლისთვის ბესარიონ სურმავასათვის გადაცემული 150 000 ევრო ხიზანიშვილის მართლზომიერ მფლობელობაში არ იმყოფებოდა და გაფლანგვის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები პროკურატურამ ვერ წარადგინა.


რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, კუდ-ის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ვაჟა ლელუაშვილს საბოლოოდ 3-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. ლელუაშვილი კომპიუტერული ვირუსების უკანონოდ შექმნის გამოყენების და გავრცელების, ასევე „მეცხრე არხის" ტვირთების დაზიანების ეპიზოდში გამტყუნდა. კომპიუტერული ვირუსების ეპიზოდზე 3-წლიანი პატიმრობა, „მეცხრე არხის" ტექნიკის დაზიანებაზე 1,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. კანონის მიხედვით, ყველაზე დიდმა სასჯელმა შთანთქა პატარა სასჯელი და საბოლოოდ 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.


კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ქარდავა ბესარიონ სურმავას უკანონო მოსმენაში, მის შანტაჟში გამტყუნდა უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მას საბოლოოდ 1,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ქარდავა მსჯავრდებულია სხვა საქმეზეც, კერძოდ, ნავთლუღის სპეცოპერაციის ეპიზოდზე განზრახ მკვლელობის მუხლით. ვაჟა ლელუაშვილი წინასწარ პატიმრობაში პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გადაღებაზე იმყოფება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner