logo_geo
eng_logo
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „დამპალოს სასაფლაოზე“ მომხდარი დანაშაულის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- +

30 სექტემბერი. 2020. 18:54

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, სხვა დანაშაულის დაფარვის მოტივით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფურად ცემის ფაქტზე ბრალდებულები ზ.ფ. და ვ.ბ. დამნაშავედ ცნო.

 

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, ვ.ბ.-ს  და ზ.ფ.-ს, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანასთან დაკავშირებით, ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ მ.ჩ.-სთან და მ.წ.-სთან. მხარეებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ზ.ფ.-მ და ვ.ბ-მ, ჯგუფურად, მ.წ.-ს და მ.ჩ.-ს დაზიანებები, მათ შორის მ.წ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენეს. მ.ჩ.-მ ჯგუფური ძალადობის შედეგად  ფიზიკური ტკივილი განიცადა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა მ.წ. ზ.ფ.-ს კუთვნილი ავტომანქანით ვ.ბ.-ს საცხოვრებელ ბინაში გადაიყვანეს, სადაც 3 იანვრის დილამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მ.წ. მიღებული დაზიანებების შედეგად 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ზ.ფ. 2020 წლის 5 იანვარს, ხოლო ვ.ბ. 8 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის VI ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ჩადენილი ჯგუფურად) 126-ე  მუხლის I1  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 143-ე მუხლის II ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (სხვა დანაშაულის დაფარვის მოტივით  თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ზ.ფ.-ს 10 წლით, ხოლო ვ.ბ-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner