logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: რესპუბლიკური პარტია ცდილობს, თავისი გაიტანოს
- +

2 მარტი. 2016. 12:45


„რესპუბლიკური პარტია ნამდვილად არის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა კოალიციაში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას აცხადებს. პარლამენტარი ეხმაურება კოლეგის გოგი თოფაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის ყველაზე დიდი დანაშაულია, კოალიციას რომ „რესპუბლიკელები" მართავენ.


„ეს პარტია ნამდვილად ცდილობს, გაიტანოს თავისი შეხედულებები", - აღნიშნავს ქუცნაშვილი.

 

რაც შეეხება იმ განცხადებას, სადაც თოფაძე ამბობს, რომ რესპუბლიკელები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრეები არიან, ქუცნაშვილს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

 

„ამის თაობაზე მე არასდროს მსმენია „რესპუბლიკელებისგან". ასე რომ, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. ზოგადად, ჩვენ მყარად ვართ იმ აზრზე ჩამოყალიბებული, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი არ მოითხოვს ყველაფერში დამსგავსებას. ჩვენ ვართ ტრადიციული კონსერვატიული ღირებულებების მქონე ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ვიყავით და ვრჩებით ოჯახის ტრადიციული გაგების მხარადამჭერები. ასე რომ, მიუღებელია, დავემსგავსოთ იმ ქვეყნებს, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებაა დაკანონებული", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

მისი ინფორმაციით, მომავალი კვირიდან პარლამენტარები დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას და ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტუტუციური კანონპროექტის ინიცირებაც მოხდება საკანონმდებლო ორგანოში.


ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე კოალიციის შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის ყველაზე დიდი დანაშაულია, კოალიციას რომ „რესპუბლიკელები" მართავენ. თოფაძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური პარტია მართავს პროცესებს და ყოველთვის ცდილობს, საკუთარი წინადადებები პრიორიტეტად აქციოს.

 

„კოალიციას შეცდომები აქვს დაშვებული ბევრ რამეში. ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული არის ის, რომ კოლიაციას მართავენ „რესპუბლიკელები". მათი პრეტენზიები და ამბიციები კოალიციამ ვერ დააწყნარა. არიან ამბიციურები, სურთ, თავისი გაიტანონ ყველაფერში. მათ სურთ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება საქართველოში, რასაც ბუნებრივია, ვეწინააღმდეგებით", - განაცხადა თოფაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner