logo_geo
eng_logo
რამდენმა მშობელმა არჩია ბავშვის დისტანციურ სწავლებაზე დატოვება
- +

2 ოქტომბერი. 2020. 15:46

 

 

„სწავლის დისტანციურ რეჟიმზე დარჩენის მოთხოვნით განათლების სამინისტროს 5 200 მშობელმა მიმართა“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.

 

გუშინ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I–VI კლასების მოსწავლეები, ხოლო VII–XII კლასების მოსწავლეებისთვის ამ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

 

 

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქის – თბილისის, ბათუმის, ქობულეთის, ქუთაისის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები დისტანციურად სწავლობდნენ.

 

საბავშვო ბაღები ქვეყნის მასშტაბით, გარდა აჭარისა, 12 ოქტომბერს განაახლებენ მუშაობას, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები მეცადინეობებს აუდიტორიებში, ასევე აჭარის გარდა – 19 ოქტომბერს. თუმცა, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ბავშვებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს უზრუნველყოფილი იქნება,

 

„სტატისტიკური მონაცემებით, 5 200-მდე მოსწავლის მშობელმა გამოთქვა სურვილი, რომ მისი შვილი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა დგებუაძემ.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,  გუშინ ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ბავშვი სიცხის დაფიქსირების გამო სახლში გაუშვეს.

 

დგებუაძის განცხადებით, როდესაც ბავშვები შედიან სკოლაში, ხდება სიცხის გაზომვა. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ პირს დაუდასტურდება ტემპერატურა, ისინი ტოვებენ სკოლის შენობას, ან გადადიან განსხვავებულ სივრცეში და რამდენიმე წუთის მერე ხდება ხელახალი გადამოწმება. თუ კვლავ დაუფიქსირდა სიცხე, საიზოლაციო ოთახში გადაჰყავთ, რომელიც ყველა საჯარო სკოლაშია და ხდება მშობლის ინფორმირება.

 

არსებობს პროტოკოლი, როდესაც მშობელმა უნდა მიმართოს პოლიკლინიკის ექიმს, საჭიროების შემთხვევაში დარეკოს 112-ში და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდება ზომების მიღება, აღნიშნა დგებუაძემ.

 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 453-ით გაიზარდა და 7093-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 295 ადამიანი შეემატა და 3714 შეადგინა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner