ტრანსატლანტიკური კომისიის თავმჯდომარემ, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ბოლო ანგარიშების მიხედვით, რუსეთი კვლავ ცდილობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში ჩარევას. ამ ეს განცხადება არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის წარდგენის ვირტუალურ ღონისძიებაზე გააკეთა. „საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები აწუხებს რუსეთს, ამიტომაცაა, რომ მოსკოვი მიზანში იღებს ამ არჩევნებსაც“.
და მართლაც, სულ უფრო ხშირად, კრემლი სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების სფეროს ანგარიშებში ხვდება, როგორც აგრესიული საერთაშორისო აქტორი, რომელიც სუვერენული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკასა და არჩევნებში ჩარევასაც კი არ ერიდება. პუტინის რუსეთი ბინძური მეთოდებით ცდილობს მეზობელი, პარტნიორი ან სულაც „კონკურენტი“ ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას. მაგრამ, მათ შორის ამ ქმედებების შესანიღბადაც, რუსეთის პრეზიდენტი კეთილი საგარეო პარტნიორის მანტიას ეფარება-მაგალითად, ყირგიზეთის პრეზიდენტთან, სოორონბაი ჟეენბეკოვთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა, თუმცა მხარს უჭერს სიტუაციის დასტაბილურებისკენ მიმართულ ქმედებებს. ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
ახლახან, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ცენტრმა „დოსიე“ რუსეთის ხელისუფლების სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის შესახებ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრი წერს, რომ მათ ხელში სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები და ოპერატიული მოხსენებები აღმოჩნდა. ყველაფერი რუსეთის შიდა დაზვერვის სამსახურის გენერლის, ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოს ეკუთვნის. „დოსიეს“ ცნობით, ჩერნოვი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) ჯაშუში იყო ლონდონსა და ჰელსინკიში, 2012 წელს პუტინმა რუსეთის პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონული და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსად დანიშნა.
საზღვარგარეთ არჩევნებში ჩარევის ოპერაციებსაც, სწორედ, ჩერნოვის დანაყოფი კურირებს. მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგების გარდა, დანაყოფი სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, მოლდოვაში, ყაზახეთში და ბალტიის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის შესახებ უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტს აწვდის ინფორმაციას.
ეს დანაყოფი, 2004 წლის უკრაინის მოვლენების შემდეგ სახელდახელოდ შეიქმნა და ფერადი რევოლუციების კონტროლი დაევალა. ჩერნოვის გუნდი ყოფილი სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან არის დაკომპლექტებული. შექმნისას დანაყოფს მოდესტ კოლეროვი ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლა საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმ“-ის მფლობელია. კოლეროვი ნიკოლაი ცვეტკოვმა შეცვალა. „დოსიეს“ ინფორმაციით, იგი მანამდე იაპონიაში ჟურნალისტად მუშაობდა და პარალელურად კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. დანაყოფის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: სამდივნო, მოვალეობის შემსრულებლები, მრჩევლები და ხუთი დეპარტამენტი. თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელის საკურატოროს სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გავლენის აგენტები წარმოადგენენ.
ჩერნოვის დანაყოფის საქმიანობის მიღმა რუსეთი საარჩევნო გარემოს დესტაბილიზაციისთვის კიბეროპერაციებსაც აქტიურად იყენებს. ყველაფერი ასე იწყება- არჩევნებამდე რუსული დაზვერვის კიბერდანაყოფები საინფორმაციო სისტემებში აღწევენ და ინფორმაციას აგროვებენ. შემდეგ საჭირო დროს კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა თუ პროცესის დისკრედიტაციის მიზნით მოპოვებულ ინფორმაციას ავრცელებენ. რუსული ნარატივის დამკვიდრების მიზნით კი, იყენებენ „ტროლებს“ და „ბოტებს“. ამ მიმართულებით, „ინფორმაციული კონფრონტაცია“ („Информационное Противоборство“) არის კრემლის მთავარი მეთოდი, რომელიც სამიზნე აუდიტორიის ცნობიერების ფორმირებასა და ქცევის მართვაზეა ორიენტირებული. ინფორმაციული კონფრონტაციის ფარგლებში რუსეთი სახელმწიფოთა ინსტიტუტებსა და სისტემებზე თავდასხმებს ახორციელებს. ყველაფერი კი ფაქტიურად 2014 წელს დაიწყო, როდესაც უკრაინის საარჩევნო სისტემაზე კიბერშეტევა წარმატებით განხორციელდა და კრემლმა კიბეროპერაციები უკვე საფრანგეთის საპრეზიდენტო და გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების პროცესშიც გამოიყენა.
ნონა სალუქვაძე