logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თინასაც ვურჩევ, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად
- +

28 ივნისი. 2016. 13:18



„ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, ნორმალური ფორმატია, მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება იყოს გავლილი", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.



პრემიერის შეფასებით, გაწვევის გაუქმების საკითხის NATO-ს მოთხოვნებთან დაკავშირება, თინა ხიდაშელის მხრიდან ცოტა არასწორი ინტერპრეტაციაა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმართულება, რომლის თანახმად, საქართველოში, შემდგომი იმპლემენტაციის გეგმის თანახმად, საყოველთაო გაწვევა უნდა გაუქმდეს, სააკაშვილის დროს იყო მიღებული, თუმცა მსგავს მრავალგანზომილებიან საკითხებს კარგი წინასწარი ტექნიკური მომზადება სჭირდება.

 

 

ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი და მოიცავს არაერთი უწყების ჩართულობას, როგორიცაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი, მინიმუმ, ტექნიკური მომზადების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, რომ, ზოგადად, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, ცნობილია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე. ნორმალური ფორმატია, რომ როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, უნდა იყოს გავლილი, მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება. ამაზე იყო საუბარი. მგონია, ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ. თინასაც, ალბათ ვურჩევ, ჯობს, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ეს არ არის საყოველთაო გაწვევის გაუქმება და ამ ტიპის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი უარს დამატებით კონტინგენტზე ამბობს. მეორე მხრივ, პრემიერის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა, პირველ რიგში, მთავრობაში, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში მსჯელობა და საკითხი განსახილველია უშიშროების საბჭოზე.



ვფიქრობ, მთელი ეს ფორმატი, გადაწყვეტილების იმპლემენტაციის, ანუ დანერგვის პროცესში, უნდა იქნას გავლილი და ეს არ არის ის, რომ სტრატეგიულ მიმართულებაში არის მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამ საკითხისგან დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა საჭირო არ არის და ვფიქრობ, ის სამუშაო რეჟიმშია გადასატანი", - აღნიშნა პრემიერმა.



გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტისთვის ამ საკითხის სამუშაო რეჟიმში გადაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველო ვარშავის სამიტისთვის მომზადებულია.



ჩვენი მოთხოვნაა იმ არსებითი პაკეტის გაფართოება, რომელიც ჩვენ გვაქვს NATO-სგან. ამ საკითხის მოსწრება ვარშავის სამიტამდე, ჩემი აზრით, არანაირ კრიტიკულ მნიშვნელობას არ ატარებს. ვფიქრობ, დამშვიდებულ რეჟიმში არის გასავლელი ეს გადაწყვეტილება და არანაირი სიჩქარე საჭირო არ არის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



მთავრობის მეთაურს კითხვა თავდაცვის მინისტრის პოსტთან დაკავშირებითაც დაუსვეს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამაზე დღეს საუბარი ზედმეტია.



„ყველა გადაწყვეტილება, ვიქნებით ერთად, ცალ-ცალკე, თუ როგორ იქნება, მიღებული იქნება ძალიან ცივილიზებული გზით. ამიტომ ამაზე, აჟიოტაჟის ატეხვა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner