„რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან შედარება გამართლებულია პროფესიონალურადაც და მორალურადაც, რათა უამრავმა ადამიანმა, ვინც დაკავშირებული არ არის ემოციურად სადისტური მართვის იმ პერიოდთან, იცოდეს, რეალურად რა მოხდა“,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 8-წლიანი ანგარიშის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით:
„ოპონენტებს სერიოზულად ის მოხვდათ გულში, რომ თემა არ დარჩა, სადაც ცა და დედამიწასავით განსხვავება არ იყოს მათ ნაკეთებსა და ჩვენს გაკეთებულ-გასაკეთებელს შორის. ოპონენტებს ნუ ეკითხებით, საზოგადოებას ჰკითხეთ, რომელიც ხედავს, რომ აუცილებელია შედარებითი ანალიზი გაკეთდეს – რა გვქონდა და რა გვაქვს სოციალური პაკეტების თუ ეკონომიკის, თუ უსაფრთხოების მიმართულებით. სამომავლოდ ორიენტირება იყო მთავარი ხაზგასმა იმ ანალიზის, რა გაკეთდა გუშინ.
რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან შედარება გამართლებულია პროფესიონალურადაც და მორალურადაც, რათა უამრავმა ადამიანმა, ვინც დაკავშირებული არ არის ემოციურად სადისტური მართვის იმ პერიოდთან, იცოდეს, რეალურად რა მოხდა. თუ ვინმეს კონკრეტულ ფაქტებზე აქვს რაიმე პრეტენზია, შეუძლიათ, დაასახელონ, რომ ესა თუ ის არ მომხდარა, არც მკვლელობა, არც წამება, არც ბიზნესების „ახევა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.