logo_geo
eng_logo
ზაზა შენგელია: როგორ ჩამოვიყვანეთ რეი ჩარლზი საქართველოში 1996 წელს
- +

2 ოქტომბერი. 2020. 19:13

 

 

სახალისო, თითქმის დაუჯერებელი ამბავი: „როგორ ჩამოვიყვანეთ რეი ჩარლზი საქართველოში 1996 წელს“

(ქვეყნდება პირველად)...

 

ამ დღეებში მისი დაბადებიდან 90 წელი შესრულდა... ალბათ არ შევცდები, თუკი ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი მუსიკოსი მსოფლიოს უდიდეს მუსიკოსებს შორის, რომელიც საქართველოში დღემდე ოდესმე ჩამოსულა, იყო და არის ლეგენდარული რეი ჩარლზი და რომლის ჩამოყვანის ბედნიერება და პატივი მე და ჩემს მეგობარს და იმდროინდელ პარტნიორს ვათა ჯორჯიკიას გვხვდა წილად 1996 წლის 17 ოქტომბერს, ჩვენი კომპანიის „სინკოპა+“-ის მეშვეობით. მემუარების წერამდე ჯერ კიდევ გარკვეული დრო მაქვს, მაგრამ ეს უდიდესი მოვლენა საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში (და თუ რატომ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამაზე ქვევით დავწერ) ნამდვილად იმსახურებს იმას, მოგითხროთ - თუ როგორ ჩამოვიყვანეთ რეი ჩარლზი საქართველოში...

 

მე და ვათა სტუდენტობის დროინდელი მეგობრები ვართ და თან ვათა ჩემი მეუღლის, სესილის თანაკურსელია თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტიდან. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მე და ვათა ერთად ვმუშაობდით სახელმწიფო მეთაურის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროში (პრესსამსახურში), რომელსაც ბრწყინვალე პროფესიონალი და პიროვნება, რამაზ საყვარელიძე ხელმძღვანელობდა. ვათა იქ ჩემს მისვლამდე მუშაობდა, ხოლო მე 1994 წელს, ტელეკომპანია „იბერვიზიიდან“ წამოსვლის შემდეგ გადავედი ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილედ. „იმელის“ შენობის სხვენის ერთ პატარა, დაახლოებით 25 კვ.მ ოთახში, რომელიც ზუსტად ედუარდ შევარდნაძის სათათბირო ოთახის თავზე მდებარეობდა, ერთდროულად ვმუშაობდით 12-მდე თანამშრომელი. რაც მთავარია, „იმელის“ მთელ შენობაში, სახელმწიფოს მეთაურის მთელ აპარატში სულ 3 ცალი ფაქსი ფუნქციონირებდა (მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა არც ინტერნეტი, არც ელექტრონული ფოსტა და არც მობილური ტელეფონები), რომლებიც უცხოეთთან სატელიტის მეშვეობით პირდაპირ იყო დაკავშირებული, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენს სამუშაო ოთახშიც იდგა...

 

ურთულესი დრო იყო და ძალიან დაძაბული, თითქმის 14-16 საათიანი სამუშაო რეჟიმი გვქონდა, ხშირად მთელი ღამითაც გვიწევდა ხოლმე მორიგეობა... როცა თავისუფალი დრო გვქონდა ხოლმე (ძალიან იშვიათად), ხშირად ვსაუბრობდით ქვეყანაში შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე და იმაზე, რომ ადამიანებს გარდა სოციალური და ელემენტარული საარსებო პირობების მოგვარებისა, აუცილებლად სჭირდებოდათ რაღაც განსაკუთრებული, ისეთი რამ, რაც მათ მძიმე ყოფას გარკვეულწილად შეამსუბუქებდა... ასე დავიწყეთ ფიქრი დამოუკიდებელ საქართველოში დიდი უცხოელი მუსიკოსების ჩამოყვანაზე და ერთხელაც ვათამ მითხრა, რომ მას ჰყავდა ამერიკელი მეგობარი ქალბატონი - ბარბარა ქუქი, რომელიც თავის დროზე ბროდვეის ერთ-ერთი ცნობილი და სახელოვანი არტისტი იყო (მას თავის დროზე „ტონის“ საპატიო ჯილდო ჰქონდა მიღებული) და რომელსაც კარგი კონტაქტები ჰქონდა ცნობილი უცხოელი მუსიკოსების მენეჯერებთან და პრომოუტერებთან. ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი ცნობილ ბრაზილიელ ჯაზ-მომღერალზე, ტანია მარიაზე შევაჩერეთ.

 

ჩვენი სამსახურებრივი ფაქსისა (მისი გამოყენებით კანონი ოდნავ კი დავარღვიეთ, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, ეს დარღვევა გამართლებული აღმოჩნდა) და ვათას ამერიკელი მეგობრის დახმარებით, 6-თვიანი მუშაობის შემდეგ შევძელით ტანია მარიას ჩამოყვანა საქართველოში 3 კონცერტით. 1995 წელს, სწორედ ტანია მარია იყო პირველი საერთაშორისო დიდი პოპულარობის მქონე და საქართველოში მეტ-ნაკლებად ცნობილი არტისტი, რომელიც დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოში ჩამოვიდა. ტანია მარიას და შემდგომ კი რეი ჩარლზის კონცერტების ორგანიზებაში მე და ვათას გვეხმარებოდნენ ჩვენი მეგობრები: ლიზი ბაგრატიონი და კახა გუნცაძე.

 

ეს იყო ჩვენი კომპანიის, „სინკოპა+“-ის პირველი პროექტი, რომელიც სრული ფინანსური კრახით დამთავრდა, რადგანაც მაყურებელთა უმეტესობა უბილეთოდ ხვდებოდა კონცერტებზე და შედეგად სამივე კონცერტზე, საერთო ჯამში ბილეთების მხოლოდ 20% გაიყიდა... ერთი მხრივ ეს ლოგიკური იყო, რადგან გამოცდილება არ გვქონდა, თუმცა მეორეს მხრივ ტანიას 3 კონცერტი ნამდვილად ბევრი იყო იმდროინდელი თბილისელი მაყურებლისათვის (შემდგომ წლებში ტანია მარიამ თბილისში 4 კონცერტი გამართა და ოთხივე სრული Sold Out-ით წარიმართა). მაშინ მე და ვათა ვთვლიდით და ვფიქრობდით, რომ ეს იყო ჩვენი კომპანიის, „სინკოპა+“-ის პირველი და უკანასკნელი პროექტი, მაგრამ ორივე ვცდებოდით...

 

1996 წელს უკვე ახალ სამსახურში, სახელმწიფო მინისტრის ბატონ ნიკო ლეკიშვილის მოადგილედ ვმუშაობდი სახელმწიფო კანცელარიაში. დაახლოებით აპრილის თვეში ტელეფონზე მირეკავს ვათა ჯორჯიკია და მეუბნება, დღეს აუცილებლად უნდა გნახოო. იმავე დღეს საღამოს კანცელარიაში მოვიდა და მითხრა - შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ბარბარას ველაპარაკე და რეალური შანსი გვაქვს, საქართველოში რეი ჩარლზი ჩამოვიყვანოთ, თანაც დიდი ბიგ-ბენდის თანხლებითო.... ცოტა ხანი მეტყველების უნარი დავკარგე და გათიშული ვუყურებდი ვათას, რომელიც აჟიტირებულ და აღფრთოვანებულ მდგომარეობაში აგრძელებდა რაღაცების მოყოლას, რაც უკვე აღარ მესმოდა... პირველი, რაც იმ საღამოს გავაკეთე, დავურეკე ჩემს გურუს, ინგლისური ენის ნომერ პირველ მცოდნეს იმდროინდელ თბილისში - რობერტ სულხანიშვილს, რომელიც მთაწმინდაზე ჩვენი მეზობელი იყო და რომელმაც ბავშვობიდან შემაყვარა ჯაზი, ამერიკული ლიტერატურა, მასწავლიდა ამერიკის ისტორიას, რადიო „ამერიკის ხმაზე“ მასმენინებდა ვილი სკანოვერის გადაცემებს ჯაზის ისტორიაზე. მან ზედმიწევნით ზუსტად იცოდა ჯაზის ისტორია და გენიალური ჯაზმენების ბიოგრაფიები, მათ შორის რეი ჩარლზის ცხოვრებისეული და კარიერული გზა, რომელიც ასევე მოყოლილი ჰქონდა ჩემთვის. მე რობერტს რეი ჩარლზის და მისი მენეჯერის თარჯიმნობა ვთხოვე და ამით გამოვხატე ჩემი განსაკუთრებული მადლიერება ყველაფრისათვის, რაც მან მე მომცა და მასწავლა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა კი, თვალები ოდნავ აუწყლიანდა...

 

ცხადზე ცხადი იყო - ამ სიდიდის ვარსკვლავისა და მისი 30-კაციანი ბიგ-ბენდის ვიზიტს იმ პერიოდში სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ვერ განვახორციელებდით და რა თქმა უნდა ჩემს უშუალო უფროსს, სახელმწიფო მინისტრს - ბატონ ნიკო ლეკიშვილს მოვუყევი, რომელიც ძალიან გახარებული ჩანდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა რეი ჩარლზის მოსალოდნელი კონცერტით თბილისში. კანცელარიაში მუშაობამდე, ბატონი ნიკოს თბილისის მერად მუშაობის წლებშიც მის მოადგილედ ვმუშაობდი. თბილისის მერიაში ერთად მუშაობის პერიოდში ჩვენ ერთად აღვადგინეთ „თბილისობა“, „სტუდენტური დღეები“, ბატონ გია ყანჩელის თანადგომით დავაფუძნეთ ფესტივალი „თბილისური გაზაფხული“, „დიდი სახალხო სეირნობები“ რუსთაველის გამზირზე და ბევრი სხვა რამ, რომლებმაც გამოაცოცხლეს კულტურული ცხოვრება და მოსახლეობის განწყობა სამოქალაქო ომისა და აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომი პერიოდის თბილისში. სწორედ ამიტომ ბატონ ნიკოსთან ბევრი ახსნა არც კი დამჭირვებია. მან მკითხა, რაში შეეძლო მთავრობას დახმარება. მე კარგად მესმოდა, რომ რეი ჩარლზის ჩამოყვანის შანსის რეალურ შესაძლებლობად ქცევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფის გარდა საჭირო იყო რაღაც „Фишка“, რაღაც ისეთი, რაც საბოლოოდ უარს ვერ ათქმევინებდა რეი ჩარლზის მენეჯმენტს სრულიად არასტაბილური და საეჭვო რეპუტაციის მქონე რეგიონში ჩამოსვლაზე (ახალდამთავრებული სამოქალაქო ომი და კონფლიქტი აფხაზეთში, იმ პერიოდისათვის მიმდინარე უსასტიკესი ომი ჩეჩნეთში). ამიტომ ვთხოვე ბატონ ნიკოს პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, პრეზიდენტ შევარდნაძესთან რეი ჩარლზის შეხვედრის ორგანიზება... პარალელურად დავიწყეთ სპონსორების მოძიება და ხანგრძლივი მუშაობის და მოლაპარაკებების შემდეგ მივიღეთ საბოლოო თანხმობა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, ბატონი თემურ ჭყონიასგან და „თელასის“ გენერალური დირექტორის, ბატონი აკაკი გაბრიჩიძისგან, რაშიც მაშინდელი თბილისის ვიცე-მერი, ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარი ვანო ზოდელავა დაგვეხმარა...

 

ვათას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან უმოკლეს ვადებში თავი მოაბა ყველაზე მთავარ პრობლემებს: რეის მენეჯმენტთან კონტრაქტის გაფორმებას, ვიზების საკითხს, ტექნიკური და საყოფაცხოვრებო რაიდერების დამუშავებას ანუ მუსიკოსის და მისი ბიგ-ბენდის მიერ კონცერტის გასამართად მოთხოვნილი ტექნიკური საშუალებების და მუსიკალური ინსტრუმენტების, აგრეთვე სასტუმროს, კვების და ადგილობრივი ტრანსპორტირების საკითხების მოგვარებას...

 

სამი დღის შემდეგ ბატონმა ნიკო ლეკიშვილმა შიდა სელექტორით დამირეკა და მითხრა, რომ უკვე ელაპარაკა პრეზიდენტ შევარდნაძეს და რომ მე უნდა მომემზადებინა მოკლე წერილობითი ინფორმაცია მომავალი კონცერტის შესახებ და რომ იმავე საღამოს, 20:00 უნდა შევსულიყავი პრეზიდენტთან... 19:55 უკვე შევარდნაძის მისაღებში ვიყავი. ჩემამდე პრეზიდენტთან პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო შესული, მათი შეხვედრა საკმაოდ გახანგრძლივდა, რის გამოც პრეზიდენტთან ათის ნახევარზე მომიწია შესვლა. თავის კაბინეტში გრძელი სათათბირო მაგიდის თავში იჯდა, ძალიან დაღლილი ჩანდა, შესვლისთანავე სელექტორით ჩაი შეუკვეთა და მეც შემომთავაზა. მაგიდაზე, მასთან ახლოს გვერდითა მხრიდან დავჯექი და წინ დავუდე ინფორმაცია რეი ჩარლზის მომავალი კონცერტის შესახებ, რომელიც ძალიან მოკლედ და ლაკონურად, ერთ გვერდზე ამოვაბეჭდვინე ჩემს მდივანს, თან დიდი ინტერვალებით, ვიცოდი რომ პრეზიდენტს არ უყვარდა მიჯრით, ახლო-ახლო ნაბეჭდი ტექსტების კითხვა. უცებ ეს ფურცელი გვერდით გადადო და მეუბნება - „ეს რეი ჩარლზი ინაუგურაციების მუსიკოსია, ხომ?“ და თან გულიანად გაიცინა... ცოტა დავიბენი, რას გულისხმობთ-მეთქი, ვკითხე... და სიცილით გააგრძელა: „როგორ, კაცო, რეიგანის ინაუგურაციაზეც მაგას უმღერია და კლინტონის ინაუგურაციაზეც“ (მერე გავარკვიე - თავის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბატონ გელა ჩარკვიანთან ჩემს შესვლამდე უკვე უსაუბრია რეი ჩარლზის შესახებ და მისგან იცოდა ეს ამბები)... გულზე მომეშვა: კი, ბატონო ედუარდ, სრული სიმართლეა და თუ მასე წავიდა, რეი ჩარლზი ამერიკის კიდევ ერთი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ყველაზე საყვარელი მომღერალი იყო-მეთქი. მერე დეტალურად მომაყოლა რეის ბიოგრაფია - როგორ იზრდებოდა გაჭირვებაში, როგორ დაეღუპა თვალწინ პატარა ძმა, როგორ დაბრმავდა 7 წლის ასაკში, როგორ გაიკეთა კარიერა თურქი მენეჯერის, არიფ მარდინის დახმარებით (ჩამეკითხა, ის თურქი მენეჯერი ლაზი ხომ არ იყოო?), როგორ მოიხმარდა ნარკოტიკებს და ამისათვის ციხეში იხდიდა სასჯელს, წინა საუკუნის 50-იან წლებში რასობრივი დისკრიმინაციის გამო როგორ ჩაუშალეს კონცერტები ჯორჯიის შტატში და 20 წლის შემდეგ, 1979 წელს ამის გამო როგორ მოუხადა ბოდიში შტატის გუბერნატორმა და ამის მერე როგორ გამოაცხადეს მისი სიმღერა ჯორჯიის შტატის ოფიციალურ ჰიმნად და ა.შ. ბოლოს ვუთხარი - თუ რომელიმე ამერიკელი მუსიკოსი შეიძლება იყოს ამერიკის სიმბოლო, ეს უდავოდ რეი ჩარლზია-მეთქი და ჩავთვალე, რომ ამით ჩემი მხრიდან ყველაფერი იყო ნათქვამი...

 

საერთოდ შევარდნაძე, როცა ვინმე რაიმეს უყვებოდა ხოლმე, ძალიან დიდი ყურადღებით უსმენდა, მოსმენის კულტურა ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. ამჯერადაც დიდი ინტერესით მომისმინა და როცა საუბარი დავამთავრე, დიდი, დაახლოებით 30-წამიანი პაუზა გააკეთა და თქვა: „თუ ეს ნამდვილად ასეა, როგორც შენ ამბობ და ეს კაცი ამერიკის სიმბოლოა, მაშინ მისი კონცერტი საქართველოში შეიძლება იყოს პოზიტიური სიგნალი ამერიკელი ინვესტორებისთვის, რომ ნორმალური და სტაბილური ქვეყანა ვართ“. მე ჩემი მხრიდან დავპირდი პრეზიდენტს, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ რეის თბილისის კონცერტი გაშუქებულიყო CNN-ზე და EURNEWS-ზე. როცა უკვე მისი კაბინეტიდან გამოვდიოდი, კონცერტის თარიღი მკითხა. „სავარაუდოდ 17 ოქტომბერი, ბატონო ედუარდ“, - თითქმის კაბინეტიდან გასულმა ვუპასუხე მე და მის მისაღებში კედლის საათს შევხედე... ღამის 11 საათს აჩვენებდა...

 

კონცერტის დღე, დღე-სასწაული ახლოვდებოდა...

 

გენიალური მუსიკოსის ჩამოსვლის წინ თბილისში უზარმაზარი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. ჯერ რეი ჩარლზი და მისი მენეჯერი ჯო ადამსი ცალკე რეისით უნდა ჩამოფრენილიყვნენ ლოს-ანჯელესიდან ფრანკფურტის გავლით თბილისში და ამის მერე რამდენიმე საათში  -ბიგ-ბენდიც, პირდაპირი რეისით, თუ არ მეშლება, ამსტერდამიდან თბილისში. იმ პერიოდში „ეარ ჯორჯიას“ წარმომადგენლად ფრანკფურტის აეროპორტში მუშაობდა (და თქვენ წარმოიდგინეთ, დღესაც იქ მუშაობს) ჩემი უახლოესი უნივერსიტეტელი მეგობარი გია ოკუჯავა, რომელიც იყო უნიჭიერესი, პროფესიონალი გერმანისტი, ვორკოჰოლიკი და უაღრესად პოზიტიური ადამიანი. გიას სტუდენტობიდანვე მაგრად უყვარდა სპორტი, მაგრამ აი ჯაზისადმი მის დამოკიდებულებაზე კი რა მოგახსენოთ... მე და ვათა ვნერვიულობდით, კონტრაქტი უკვე გაფორმებული იყო და ავანსიც გადახდილი, მაგრამ მაინც სულ გვღრღნიდა ეჭვები, რომ რეი არ ჩამოვიდოდა - ეგებ გადაგვაგდონ? ეგებ ფეიკი რეი ჩარლზია? (ცნობილ მუსიკოსებს და ბენდებს ჰყავთ მათი მიმბაძველი და გარეგნულად მსგავსი ორეული „თრიბიუთ“ არტისტები, რომლებიც ასევე ჩვეულებრივად დადიან საკონცერტო ტურებზე), ეგებ ფრანკფურტში თბილისის თვითმფრინავს ვერ მიუსწრონ? და ბევრი ასეთი „ეგებ“ გვიტრიალებდა თავში... ბოლოს, ეჭვები რომ დაგვეძლია და საბოლოოდ დავრწმუნებულიყავით, მე და ვათა, იმის მერე, რაც ფრენის განრიგით, საათების და წუთების დონეზე ვიცოდით, რომ რეი ჩარლზი და მისი მენეჯერი წესით უკვე ჩაფრენილები უნდა ყოფილიყვნენ ლოს-ანჯელესიდან ფრანკფურტში, და ყველანაირი ლოგიკით, უკვე აეროპორტის სატრანზიტო ზონაში უნდა ყოფილიყვნენ, ვურეკავთ გია ოკუჯავას.... ვრეკავთ, ვრეკავთ, ნახევარი საათის შემდეგ ძლივძლივობით გავედით „ეარ ჯორჯიას“ ფრანკფურტის წარმომადგენლობის სატელეფონო ხაზზე... „ოჰჰჰჰ! მუჭორექ ჩქიმი ჯიმა!“ - ჩვეული მეგრული აქცენტით მესალმება გია... გია, რეი ჩარლზი მოფრინავს ფრანკფურტიდან თბილისში თქვენი თვითმფრინავით, წესით, უკვე ლოს-ანჯელესიდან ჩამოფრენილი უნდა იყოს და მანდ სატრანზიტო ზონაში თუ არის, ეგებ მოძებნო. მაგრად ვნერვიულობთ და ეგებ გახვიდე და შენი თვალით ნახო, ნამდვილად ხომ მანდ არის-მეთქი... გია მპასუხობს: ...და ეგ ვინ არისო?.. ტელეფონში ძალიან ცუდი სმენადობა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩავუტარე სატელეფონო მინი-ლექცია ჯაზზე და რეი ჩარლზზე და ვეუბნები, ახლა ძმურად გთხოვ, წადი და იპოვე, თორემ გავრეკავ ნერვიულობისგან-მეთქი... ახლავე, კურო (ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეტსახელით მომმართა), ოღონდ შენ არ ინერვიულოო... დათქმული დროის ინტერვალში, ანუ ნახევარ საათში კიდევ ვურეკავთ გიას, ვეკითხებით: რა ქენი, გია?.. გვპასუხობს, ცოტა ხანში ფრანკფურტი-თბილისის რეისზე ჩასხდომა იწყება და უკვე ყველა მგზავრი გასასვლელთან არის თავმოყრილიო და არ მინდა განერვიულო, მაგრამ შენ რომ აღმიწერე, ეგეთი მუსიკალური ვარსკვლავის მაგვარიც კი არავინ არ არისო და რა ვქნა, რით გიშველო, ძალიან ვწუხვარო... წნევამ ამასხა და უეცრად ყველაზე ნაღდი და უტყუარი ნიშანი გამახსენდა... გია, აფროამერიკელები არიან რეისზე? ორი აფროამერიკელი უნდა იყოს, - ვუყვირი მთელ ხმაზე და ამასობაში ტელეფონის სმენადობა კიდევ უფრო გაუარესდა და ვხვდები, რომ გიას ძალიან ცუდად ესმის ჩემი ხმა... იქიდან მეკითხება; ვინა? ვინა ? ვერ გავიგე... შავები, ბიჯო, შავებიიიიიი, ორი შავი ტიპი არ არის რეისზეეეეეეე? ვღრიალებ ტელეფონში... გია მპასუხობს: არა, არააა. შავებთან და ქურდებთან მე რა მესაქმება ?... სხვა გზა არ მქონდა და განწირული ხმით ვყვირივარ: ზანგები, გია, ზანგები არ არიან რეისზეეეე?!....გია მპასუხობს: აააა, ზანგები? კი არიან, ვიღაც ორი ზანგია - ერთი მაღალი შლაპიანი, ტყავის პლაშჩით და მეორე დაბალი შავი სათვალეით, ჭაღარათმიანი, კრემისფერი ზამშის პალტო აქვს შემოხურული და მე მგონი, მთვრალია, ბარბაცით დადის და ამ მეორეს, შლაპიანს სულ „პადრუჩკით“ დაჰყავს... შვებით ამოვისუნთქეთ, რადგანაც გიას მიერ აღწერილი ორი ადამიანის ნიშნები აშკარად ემთხვეოდა რეალობას, განსაკუთრებით შავი სათვალე და სიარულის თავისებური მიხვრა-მოხვრითი მანერა, რომელიც რეი ჩარლზს ბავშვობაში გადატანილი პოლიომიელიტის ავადმყოფობის შემდეგ დარჩა...

 

თბილისის აეროპორტში იმ დროს ჯერ კიდევ არ მოქმედებდა მკაცრი წესები თვითმფრინავების ჩამოფრენა-გაფრენის დროს, გამცილებლები და დამხვედრები პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპთან ხვდებოდნენ ან აცილებდნენ ხოლმე მგზავრებს. რეის დასახვედრადაც უამრავი, ყველა თაობის თბილისელი მელომანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი თუ უბრალოდ რეის მუსიკის თაყვანისმცემელი, ცნობილი თუ უცნობი ადამიანი მოვიდა. ყველას უნდოდა, თავისი თვალით ენახა უზარმაზარი სიდიდის მუსიკოსი და გენიალური პიროვნება - რეი ჩარლზი, რომლის მუსიკასაც „სუხიშვილების“ მიერ ჩამოტანილი ან საბჭოთა პერიოდში შავ ბაზარზე ნაყიდი ფირფიტების, უცხოური ფილმების და „მტრული“ რადიოსადგურების („ამერიკის ხმა“, „თავისუფლება“) მეშვეობით ათწლეულების მანძილზე არალეგალურად უსმენდნენ. როგორც კი თვითმფრინავს ტრაპი მიადგეს, გულის ბაგაბუგით პირველი მე ავვარდი თვითმფრინავის სალონში, მაინც მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ამ თვითმფრინავმა ნამდვილი რეი ჩამოიყვანა. თვითმფრინავში შესვლისთანავე მისი დიდხანს ძებნა არ დამჭირვებია, სალონის პირველივე რიგში მორიდებულად იჯდა თავის მენეჯერთან, ჯო ადამსთან ერთად...  Wellcome to Georgia, Mister Charles, we were waiting you for so many decades და ხელი გავუწოდე მას...

 

 

ასეთი დონის ვარსკვლავის დასახვედრად და თბილისში ტრანსპორტირებისათვის იმ დროს ნორმალური ავტოპარკი ქვეყანაში არ არსებობდა და ჩვენი მეგობრის, გიორგი ხელაშვილის („უჯრას“)კერძო სატრანსპორტო კომპანიის საკუთრებაში არსებული ერთადერთი ლიმუზინი რომ არა (მთელ ქვეყანაში ერთადერთი!), ალბათ დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით. „Continental Town Car“-ის დიდი თეთრი ლაქშერი ლიმუზინი რეის და მის მენეჯერს პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა... ტრაპზე ჩამოსვლისას დამხვედრები მათ ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. კონტრაქტის მიხედვით რეი ჩარლზი არ ატარებდა არანაირ პრესკონფერენციას, ან ფოტოსესიას ჟურნალისტებისათვის, არც არანაირ სხვა რაიმე სახის პომპეზურ ღონისძიებაში არ იღებდა მონაწილეობას, და ეს პირობა ძალიან მკაცრად უნდა დაგვეცვა. მიუხედავად ამისა, სასტუმრო „შერატონის“ გერმანელმა მენეჯერმა (სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს), სასტუმროს გაპიარების საშუალება ხელიდან არ გაუშვა და რეის სასტუმროში მისვლისას დაახვედრა ნაციონალ კოსტიუმებში გამოწყობილი ქართველი მოცეკვავეები, რომლებმაც ლეგენდარულ მუსიკოსს ფიალით წითელი ქართული ღვინო მიართვეს. ჩვენ არაფერი ვიცოდით წინასწარ ამის შესახებ და ამის გამო რეის მენეჯერის, ჯო ადამსისაგან პირველი საყვედური მივიღეთ...

 

აქვე მინდა ორიოდე სიტყვით დავწერო თავად ჯო ადამსზე. ის წარსულში ამერიკაში საკმაოდ ცნობილი კონფერანსიე და მსახიობი იყო (ჯო ადამსი იყო პირველი აფროამერიკელი მსახიობი, რომელმაც „ოქროს გლობუსის“ ჯილდო მიიღო), მაგრამ 1961 წლიდან, მენეჯერის რანგში, მთელი თავისი ცხოვრება და კარიერა რეი ჩარლზს დაუკავშირა. 1961 წლიდან მოყოლებული 2004 წლამდე (43 წელი !!!), ანუ რეის გარდაცვალებამდე, მის უცვლელ მენეჯერად მუშაობდა. ხასიათით ეს ადამიანი იყო უმძიმესი, მკაცრი, მომთხოვნი, უხეში და დაუნდობელიც კი, რის გამოც მას მეტსახელად Mad Dog-ს (ანუ ცოფიან ძაღლს) ეძახდნენ. მასთან მუშაობას ყველა ჯოჯოხეთად თვლიდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, ის ხომ თვით რეი ჩარლზის მენეჯერი იყო... ვისაც ნანახი აქვს ბრწყინვალე ბიოგრაფიული ფილმი „Ray“, რეი ჩარლზის ცხოვრების და სასცენო მოღვაწეობის შესახებ, უსათუოდ ემახსოვრება ეპიზოდი ფილმის შუა ნაწილში, როცა შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო რეი იძულებულია, აიყვანოს ახალი მენეჯერი. ეს მენეჯერი მოდის რეის სამსახურში, ამყარებს დისციპლინას, რკინის ხელით მართავს მის კარიერას, ფინანსებს და ბენდიდან დაუნდობლად გაყრის რეის ყველა ძველ მეგობარს, ვისთან ერთადაც რეიმ პირველი ნაბიჯები გადადგა ამერიკის მუსიკალურ სცენაზე და რომლებთანაც გულითადი მეგობრობა აკავშირებდა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან. ფილმის სწორედ ეს პერსონაჟი იყო სინამდვილეში ჯო ადამსი...

 

რობერტ სულხანიშვილმა, რომელიც რეისთვის და ჯო ადამსისთვის თარგმნიდა, მითხრა, რომ ჯო ცოფებს ყრის - ეს რა კარნავალი დაგვახვედრეთ სასტუმროშიო და გარდა ამისა პირადად თავისთვის ცალკე ლიმუზინს ითხოვსო. მაშინ სახელმწიფო კანცელარიაში ტრანსპორტის საკითხებს არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალი, ბატონი დიმიტრი კოტეტიშვილი კურირებდა. მას ვთხოვეთ დახმარება და კანცელარიის გარაჟიდან ყველაზე მაგარი შავი ფერის საბჭოთა „ჩაიკა“ მოგვამაგრა 2 დღით. ეს იყო ყველაზე მაგარი ლიმო, რომელიც იმ დროისათვის სახელმწიფოს გააჩნდა. „ჩაიკა“ გარეგნულად თითქოს ნორმალურად გამოიყურებოდა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ძველი და სარემონტო იყო, ხშირად ფუჭდებოდა ან ხანდახან საერთოდაც არ იქოქებოდა ხოლმე. ქალაქში გადაადგილებისას ჩვენი კორტეჟი ასე გამოიყურებოდა: თავში და ბოლოში ავტოინსპექციის 2 „კანარეიკიანი“ მანქანა, რომლებიც შუაში 2 ლიმუზინს აცილებდნენ, თეთრ ამერიკულ ლიმუზინში რეი ჩარლზი იჯდა და შავი ფერის საბჭოთა „ჩაიკაში“ კი მისი მენეჯერი ჯო ადამსი, ჩვენ კი ვლოცულობდით, რომ ჯაგლაგ „ჩაიკას“ რაიმე არ მოსვლოდა და შუა ქალაქში არ გავჩერებულიყავით. საერთოდ, რეი „შერატონის“ ნომრიდან გარეთ სულ სამჯერ გამოვიდა: პირველად - სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტ შევარდნაძესთან შესახვედრად; მეორედ - ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საუნდ-ჩეკზე და მესამედ - საკუთრივ კონცერტზე. რეი ჩარლზი თბილისში მანქანით გადაადგილებისას ლიმუზინის უკანა სავარძელზე იჯდა და მუდმივად რაღაცას კითხულობდა ხოლმე ბრაილის შრიფტით, ამ დროს ის პრაქტიკულად ჩვენთან კონტაქტში არც კი შემოდიოდა, მხოლოდ წიგნის კითხვით იყო დაკავებული და როგორც ჩანს, წაკითხულის შინაარსიდან გამომდინარე, ხშირად ეღიმებოდა ხოლმე (როგორც ერთ-ერთი ამერიკული ვებსაიტიდან გავარკვიეთ, ის ხშირად ბრაილის „ფლეიბოის“ კითხულობდა ხოლმე). ჩვენ ძალიან გვინდოდა რეის წაყვანა რომელიმე ქართულ რესტორანში, მაგრამ გადაღლილობის მომიზეზებით თავაზიანი უარი გვითხრა, იკვებებოდა მხოლოდ საკუთარ ნომერში და როგორც სასტუმროს მენეჯმენტისგან შევიტყვეთ, ძირითადად მხოლოდ სალათებსა და ქათმის ხორცს უკვეთავდა. ერთ-ერთი მაშინდელი ქართული ბეჭდვითი გამოცემის უნიჭო ჟურნალისტის უკბილო ხუმრობა იმაზე, რომ ვითომდა ჩვენ რეი ჩარლზი მცხეთის დასათვალიერებლად წავიყვანეთ და ის აღფრთოვანებული დარჩა ნანახით, რა თქმა უნდა, არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს და სხვა არაფერი იყო თუ არა ფეიკ-ნიუსი (იმ დროში...) და უადგილო, არაეთიკური ხუმრობა ლეგენდარული მუსიკოსის ფიზიკურ ნაკლზე, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანია. ამ ჟურნალისტის ვინაობას განგებ არ ვასახელებ, დავწერ მხოლოდ ერთს - ის დღესაც საჯარო სფეროში მუშაობს და დაახლოებით ისევე ისე საქმიანობს, როგორი წერილიც დაწერა მაშინ, 24 წლის წინ...

 

რეი ჩარლზისა და მისი ვირტუოზული ბიგ-ბენდის სასწაულმა კონცერტმა სრული ანშლაგითა და ოვაციებით ჩაიარა და მეორე დღეს CNN-ზეც და EURONEWS-ზეც, როგორც პრეზიდენტ შევარდნაძეს დავპირდი, მართლაც გავიდა სიუჟეტები რეი ჩარლზის თბილისური კონცერტის შესახებ, ოღონდ სულ სხვა კონტექსტით. ჩვენი კონცერტის შესახებ სიუჟეტი ეგრევე მიაყოლეს სიუჟეტს ჩეჩნეთის ომის შესახებ და ეს გადასვლა დაახლოებით ასე ჟღერდა „...და ჩეჩნეთიდან სულ რაღაც 250 კილომეტრის დაშორებით, ქვეყანაში, რომელმაც ახლახან ტერიტორიების 20% დაკარგა, გადალახა სამოქალაქო ომი და სადაც მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა და ჰუმანიტარული დახმარებით არსებობს, და სადაც მოსახლეობის საშუალო ხელფასი 10 ამერიკული დოლარის ტოლფასია, ლეგენდარული რეი ჩარლზის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი საშუალოდ 200 ქართულ ლარს შეადგენდა , რაც დაახლოებით 160 ამერიკული დოლარის ტოლფასია“...

 

რეი ჩარლზი, მისი მენეჯერი ჯო ადამსი და ბიგ-ბენდი 28 ოქტომბერს დილით ადრე უნდა გაფრენილიყვნენ თბილისიდან. კონცერტის შემდეგ ძალიან დაქანცულები ვიყავით, მაგრამ ამასთან ერთად იმდენად ამაყები, გახარებულები და ბედნიერები რომ მთელი საორგანიზაციო ჯგუფი, ჟურნალისტები, მელომანები, „შერატონის“ ფოიეში დავრჩით დილამდე, ანუ სტუმრების აეროპორტში გამგზავრებამდე. რეი ჩარლზი და ჯო ადამსი თავიანთ ნომრებში ისვენებდნენ, ბიგ-ბენდის წევრები კი ჩვენთან ერთად სასტუმროს ფოიეში ქართულ ღვინოს და კოქტეილებს მიირთმევდნენ. ასე გავიდა მთელი ღამე და დათქმულ დროს, ანუ დილის 5 საათზე „იკარუსის“ ავტობუსი უნდა მოსულიყო 30-კაციანი ბიგ-ბენდის სასტუმროდან აეროპორტში გადასაყვანად, მაგრამ ავტობუსი არსად ჩანდა. შემდგომში გაირკვა, რომ ჩვენი „იკარუსის“ მძღოლი წინა დღეს შორ გზაზე იყო ნამგზავრი და სასტუმრო „შერატონიდან“ რამდენიმე ქუჩის მოშორებით, დილის ხუთი საათის მოლოდინში ავტობუსშივე ღრმად ჩაეძინა. მოკლედ, ავტობუსი არ მოვიდა და ჩემს მეგობრებს: გოგა კალანდაძეს, ვაჟა დურმიშიძეს, კოკო კაპანაძეს და გია ნაცვლიშვილს თავიანთი მანქანებით მოუწიათ ბიგ-ბენდის წევრების გადაყვანა სასტუმროდან აეროპორტში. სანამ ბიგ-ბენდი მთლიანად არ იქნა გადაყვანილი აეროპორტში, რეი ჩარლზი და ჯო ადამსი თავიანთი ნომრებში რჩებოდნენ და მოგვიანებით გაემგზავრნენ აეროპორტში. შექმნილი სიტუაციის გამო თვითმფრინავის გაფრენა 20 წუთით გადაიდო...

 

აეროპორტში რეი ჩარლზთან, მის მენეჯერთან და ბიგ-ბენდის წევრებთან დამშვიდობება ძალიან ემოციური და გულისამაჩუყებელი იყო. ყველაზე მეტად გაგვაოცა გულქვა ჯო ადამსის მხრიდან კონცერტისა და მთლიანად ვიზიტის ორგანიზების უმაღლესმა შეფასებამ და ჩვენი მისამართით გამოთქმულმა თბილმა სიტყვებმა, რაც ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის. მან განაცხადა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთ შორეულ და ახალ დამოუკიდებლობააღდგენილ ქვეყანაში, ყველაფერი ასე კარგად იქნებოდა გათვლილი და ორგანიზებული.

 

ასე ჩაიარა ამერიკის და მსოფლიოს უდიდესი მუსიკოსის, ნამდვილი ცოცხალი ლეგენდის - რეი ჩარლზის ორდღიანმა მოგზაურობამ საქართველოში...

 

3 წლის შემდეგ, 1999 წლის აპრილში პრეზიდენტი შევარდნაძე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა - ჯეიმს ბეიკერმა ამერიკაში, ქალაქ ჰიუსტონში, რაისის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ცენტრში მიიწვია (ეს ცენტრი თავად ჯეიმს ბეიკერის მიერაა დაფუძნებული და დღესაც ამერიკაში ერთ-ერთ უძლიერეს Think Tan-ად ითვლება). შევარდნაძის გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო, მათ შორის მოქმედი და ადრინდელი პერიოდის კონგრესმენები, სენატორები, საქმიანი წრეების წარმომადგენლები, საერთაშორისო პოლიტიკის ცნობილი ექსპერტები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ადამიანები იყვნენ საქართველოს ნამდვილი მეგობრები და გულშემატკივრები, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდათ საქართველოსთან. შეხვედრაზე ასევე მრავლად იყვნენ ჟურნალისტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. საღამოს, ჯეიმს ბეიკერმა პრეზიდენტ შევარდნაძის პატივსაცემად მიღება გამართა, რომელსაც ასევე ყველა ზემოაღნიშნული საპატიო სტუმარიც ესწრებოდა. შესავალი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჯეიმს ბეიკერმა სიტყვა ედუარდ შევარდნაძეს გადასცა. პრეზიდენტის სფიჩრაითერმა და მრჩეველმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბატონმა გელა ჩარკვიანმა წინასწარ გამაფრთხილა - პატარა სიურპრიზი ჩავდე შევარდნაძის გამოსვლის ტექსტში და ყურადღებით მოუსმინეო... შევარდნაძის გამოსვლა იყო საკმაოდ არაორდინარული და ემოციური, სადაც ის დიდ მადლობას უხდიდა ამერიკელ ხალხს და მის მთავრობას, იქ დამსწრე ადამიანებს - მოქმედ თუ გადამდგარ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და ექსპერტებს საქართველოსათვის გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის. თავის გამოსვლის დასასრულს მან თქვა - სამიოდე წლის წინ საქართველოში კონცერტი გამართა ჩემმა დიდმა მეგობარმა, ლეგენდარულმა რეი ჩარლზმა და კონცერტზე თავისი განუმეორებელი სიმღერა „Georgia On My Mind“ („ჯორჯია ჩემს ფიქრებში“) შეასრულა, დღეს მე ყველა თქვენგანს (დამსწრეებს მიმართა) დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ შეძელით და ასე ბევრი რამ გააკეთეთ საქართველოსთვის და რომ ჩვენი ჯორჯია ყოველთვის არის თქვენს ფიქრებში... შევარდნაძის ამ სიტყვებმა დამსწრეთა დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა, ხოლო გამოსვლის ვიდეოჩანაწერის ეს ფრაგმენტი ყველა ამერიკული ტელეარხის ნიუსებში გადაიცა.

 

2004 წელს ამერიკელმა რეჟისორმა ტეილორ ჰეკფორდმა, ჯერ კიდევ რეი ჩარლზის გარდაცვალებამდე დაიწყო ბიოგრაფიული ფილმის გადაღება რეის ცხოვრებაზე და შემოქმედებით გზაზე, მაგრამ 2005 წელს ფილმის პრემიერას თავად მუსიკოსი უკვე ვეღარ მოესწრო. კინოსურათში რეი ჩარლზის როლი ფენომენალურად შეასრულა ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და მუსიკოსმა ჯეიმი ფოქსმა, რისთვისაც 2005 წლის „ოსკარის“ დაჯილდოების საპატიო ცერემონიაზე ნომინაციაში „მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ გამარჯვებული გახდა. ფილმი საერთო ჯამში 15-ჯერ მაინც მაქვს ნანახი, მაგრამ პირველად რომ ვნახე, ნამდვილად ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი გენიალური მუსიკოსისა და ურთულესი ცხოვრებაგამოვლილი ადამიანის ჩამოყვანა საერთოდ შევძელით და ვფიქრობდი, ნუთუ ჩვენ ეს მართლა გავაკეთეთ?...

 

თეთრი შურით მშურს იმ ადამიანების, რომელთაც ფილმი „Ray“, უნიჭიერესი ჯეიმი ფოქსის მონაწილეობით, ჯერ არ აქვთ ნანახი. მათ წინ გენიალური ადამიანის არაჩვეულებრივი ცხოვრებისეული თავგადასავალი ელით... (ფილმის ლინკი https://www.adjaranet.com/movies/807/Ray)

 

არ შემიძლია, დიდი მადლობა არ გადავუხადო ჩემს მაშინდელ შესანიშნავ გუნდს სახელმწიფო კანცელარიიდან, რომლებმაც ლომის წილი შეიტანეს პროექტის განხორციელებაში (და წინასწარ ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმე გამომრჩა) კანცელარია-96.. Zura Gegenava Zaza Topuria ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძე,Maia Jorjadze Oto Chochua Elene Nakashidze Irina Sulkhanishvili Nikoloz Zodelava Nino Zhvania Piqria Kereselidze Giorgi Topuria Mariam Topuria ლევან ფოცხვერია მერი ლომია, მამუკა მახარაძე , ბობო მარგველაშვილი...ჩვენი იკა თოდუა და ზაზა თოფურია(შავი) ცოცხლები აღარ არიან...

 

ასევე დიდი მადლობა ჩემს უახლოეს მეგობრებს, რომლებთან ერთად დღემდე მოვდივარ და რომლებთან ერთადაც რეი ჩარლზის კონცერტამდე „მანას“ სამი ბრწყინვალე სატელევიზიო ფესტივალი ჩავატარე Mamuka Tskitishvili Shalva Javakhadze Koko Kapanadze  გოგა კალანდაძე, ვაჟა დურმიშიძე, გია ნაცვლიშვილი.

 

და ბოლოს... დიდი მადლობა მანანა შევარდნაძეს, რომ მართალია 24 წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც ბოლოს და ბოლოს ამ დღეებში პირველად გამოაქვეყნე პრეზიდენტ შევარდნაძის და ლეგენდარული რეი ჩარლზის შეხვედრის სრული ვიდეოჩანაწერი. უნდა ვაღიარო - სწორედ ამ ვიდეომ მიბიძგა, დამეწერა ეს მოგონება.

 

https://www.facebook.com/zaza.shengelia.1/videos/pcb.10158876028322329/10158876003747329/?type=3&theater

 

 

 

 

 

რეი ჩარლზი, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ზაზა შენგელია და თარჯიმანი რობერტ სულხანიშვილი

 

 

 

 

რეი ჩარლზი და მისი როლის შემსრულებლი ფილმში „რეი“, ბრწყინვალე მომღერალი და მსახიობი - ჯეიმი ფოქსი

 

 

 

 

რეი ჩარლზი, პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და პირველი ლედი, ნენსი რეიგანი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner