logo_geo
eng_logo
ევროპის საბჭოში მიაჩნიათ, რომ მერაბიშვილს სასჯელი ბოლომდე უნდა მოეხადა
- +

2 ოქტომბერი. 2020. 20:18

 

 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა (29.09.2020-01.10.2020 სხდომა) ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი დებატების გარეშე შეაფასა. კერძოდ, კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ მერაბიშვილის საქმეზე წარდგენილი ინფორმაცია და დებატების გამართვა საჭიროდ არ მიიჩნია.

 

კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს. ყველა სხვა ასპექტი, როგორიცაა მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება, დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომიტეტმა გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ მას სასჯელი ბოლომდე უნდა მოეხადა და არ არსებობდა ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლის რაიმე საფუძველი.

 

კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში საქართველომ განახორციელა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა. კერძოდ, სხვებს შორის, გაანალიზდა ვიდეოკამერების ჩანაწერები და შედგა შესაბამისი ოქმები; გამოიკითხა მრავალი მოწმე, მოპოვებულ იქნა სატელეფონო კომუნიკაციებისა და ანძების მონაცემები. ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, გაგრძელდეს ეფექტიანი გამოძიება და განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს კომიტეტს.

 

ამასთან, მინისტრთა კომიტეტი მიესალმება, რომ სახალხო დამცველსა და მომჩივანს აქვთ საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, რაც მნიშვნელოვანია, რათა გამოძიების შედეგებს ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის მარტამდე აღარ დაუბრუნდება.

 

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში − საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად მიიჩნია.

მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით  იკრიბება წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში. კომიტეტის წევრები − ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის წარმომადგენლები − კენჭს უყრიან დოკუმენტს სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner