2 ოქტომბრის მონაცემებით, „რთველი 2020-ის" ფარგლებში, კახეთში, ღვინის საწარმოებში ყურძენი 23 ათასმა მევენახემ ჩააბარა. მათ მიერ მიღებული შემოსავალი 242 მლნ ლარს აღწევს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კახეთში 232 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა: 158 ათასი ტონა რქაწითელი, 61,4 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი - სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
მოსავლის დაბინავება კახეთში შეუფერხებლად გრძელდება, ყოველდღიური გადამუშავება 5-6 ათასი ტონის ფარგლებშია.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანში - 70 ათასი ტონა. რაც შეეხება კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს: ყვარელში - 56 ათასი ტონა, თელავში - 36,7 ათასი ტონა, სიღნაღში - 20 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 16 ათასი ტონა, საგარეჯოში- 12 ათასი ტონა, ახმეტაში - 10 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში - 7,3 ათასი ტონა. ყურძნის დაწურვის პროცესში 180 საწარმო იყო ჩართული.