შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, სამართალდამცველები მოსამართლის განჩინების აღსასრულებლად მივიდნენ კონკრეტულ მისამართზე, სადაც ადგილობრივებმა პოლიციას მოსამართლის განჩინების აღსრულებაში ხელი შეუშალეს.
„გუშინ, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები გამოცხადდნენ ამ პირის საცხოვრებელი სახლის მისამართზე, მოსამართლის განჩინების აღსრულების მიზნით, რა დროსაც ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა, იქ მცხოვრებმა ხალხმა, ხელი შეუშალეს სამართალდამცველებს მოსამართლის განჩინების აღსრულებაში. ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლისთვის ხელის შეშლას. ამ საქმეზეც ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.