ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ირაკლი ბერაიასთან და ოთარ დანელიასთან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელისუფლებლო გუნდის მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2013 წლიდან ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე მასშტაბურ რეფორმებს.
ექიმები სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვით საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას ასრულებენ. ეს ერთ-ერთი ყველზე კეთილშობილური პროფესიაა მსოფლიოში და მათ სათანადო დაფასება სჭირდებათ.
მიმდინარე წელს სენაკს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა შეემატა; ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი; სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში, ზანაში, ზემო ფოცხოსა და ნოსირში რეაბილიტირდა ამბულატორიები. სენაკში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა კიდევ ერთი სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი.
„ხარისხიანი ჯანდაცვის განვითარება და ექიმების შრომის პირობებზე ზრუნვა ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტული საკითხია. ამის დასტურია საყოველთაო ჯანდაცვის უპრეცენდენტო პროგრამა, სოფლის ექიმებისა და ექთნებისთვის ხელფასების გაზრდა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი და ამ სექტორში განხორციელებული სხვა სტრატეგიული პროგრამები, მათ შორის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებიც.
ამ მიღწევაში სამედიცინო სექტორისა და ექიმების წვლილი უდიდესია.
მინდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო. საამაყოა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდანვე ბრძოლის პირველ ხაზზე დგანან და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მაღალი პროფესიონალიზმით სასწაულის ტოლფას საქმეს აკეთებენ საზოგადოებისა და ქვეყნის დასაცავად.
დიდი მადლობა მათ ასეთი დაუღალავი მუშაობისთვის!“ - აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.