logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: დღეს მასწავლებლის დღეაო, გილოცავთ ჩემო მასწავლებლებო, ვის გამოც შემიძლია ვთქვა - მე მწამს ჩემი თავის!
- +

5 ოქტომბერი. 2020. 19:37

 

 

ჩემ თაობელებს  ყველას ემახსოვრება  ეკატერინე ჩაჩუა, ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდისტი ქობულეთის  მაშინდელ განათლების განყოფილებაში, ერთადერი კლასი ჰყავდა ჩემს სკოლაში, დანარჩენ დროს  რაიონის სკოლებში შემოვლას ანდომებდა,  სიტყვაძუნწი,  უკარება და მკაცრი ქალის სახელი ჰქონდა.

 

 არ ვიცი, რამდენად მართალი იყო, მაგრამ ყვებოდნენ, ერთ-ერთ სოფლის სკოლაში ქართულის მასწავლებელს  ხიდზე შეხვედრია  და მასწავლებელს  რომ გაუგია სკოლაში მის შესამოწმებლად  მიდიოდა ქალბატონი ეკატერინე, გული შეწუხებია და ხიდიდან გადავარდნილაო... 

 

მე რომ მახსოვს, უკვე შეფერფლისფერებული, ტეხილი თმები ჰქონდა  კბილებიანი პლასტმასის აბადოკით უკან გადაწეული, ლამაზი, სანთელივით ჩამოქნილი თითები, ხელზე ძველებული ტყავის წვრილსამაჯურიანი საათით, ოდნავ წელში მოხრილი. მუდამ ხმადაბლა საუბრობდა,  არ ვიცი როგორ გეუბედა დედაჩემმა - ეს უკარება ადამიანი ჩემს რეპეტიტორობაზე დათანხმებულიყო. კვირაში სამჯერ, საღამოობით  მის კარებზე ვაკაკუნებდი, გამიღებდა და უსიტყვოდ, ხელით მანიშნებდა - შემოდიო, ტელევიზორს გამორთავდა, ფარდებს ჩამოუშვებდა, რვეულების გასწორებას თავს მიანებებდა, წიგნებს გვერდით გაწევდა, ადგილს გამითავისუფლებდა...  მერე გვიან ღამემდე სამზარეულოს პატარა მაგიდასთან ვიჯექი და ვუსმენდი, არც ერთი ზედმეტი სიტყვა,  გული მწყდება, სხვასაც რომ არ ესმოდა ის არაჩვეულებრივი გაკვეთილები, ნეტა შემძლებოდა ჩამეწერა..

 

ტექსტებს ხან თვითონ მიკითხავდა სიამოვნებით, თბილი ხმით, დროდადრო გაჩერდებოდა, თითქოს პირველად წაიკითხა ეს სტროფი და აღფრთოვანდა-აი, ეს კარგად დაიხსომე, ნახე რა არაჩვეულებრივია,  აბა, კარგად გაიაზრე, აბაა, აბაა და დასრულდა სასწავლო წელი. ბოლო გაკვეთილზე მივედი და უნდა გამოვმშვიდობებოდი, თბილისში მოვდიოდი მისაღებ გამოცდებზე, უნივერსიტეტში ვაბარებდი, ეკატერინე მასწავლებელმა  კალამი გამომიწოდა და მითხრა-აიღე და ჩაიწერე მისამართი, მე თბილისში უნდა გამოგყვე, ჩვენ უმაღლესი შეფასება უნდა მივიღოთ, (ჩვენო და არა შენო) ერთხელ კიდევ გადავიმეორებთ და დანარჩენი შენზეა, როგორ იყოჩაღებო...

 

 იმ წელს ქართულში ხუთი მივიღე... მახსოვს, ეკატერინე  მასწავლებელთან რომ მივედი  შეფერებულად გაიღიმა საფეთქლებზე ხელი მომადო, შუბლზე მაკოცა და  ჩუმად, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკაო, - მადლობა, მიმო, მე კიდევ ერთხელ ვიწამე ჩემი თავისო!!! სიმართლე გითხრათ, მაშინ მთლად კარგად ვერ გავიგე, რა მითხრა ეკატერინე მასწავლებელმა, მაგრამ ახლა ზუუუსტად ვიცი!

 

დღეს მასწავლებლის დღეაო, გილოცავ ეკატერინე მასწავლებელო, გილოცავთ ჩემო მასწავლებლებო, ვისგანაც ოდესმე რამე მისწავლია, ვის გამოც შემიძლია ვთქვა - მე მწამს ჩემი თავის!!!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner