logo_geo
eng_logo
სასამართლომ შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შ. ხიზანიშვილი, ლ. ქარდავა და ვ. ლელუაშვილი დამნაშავედ სცნო
- +

28 ივნისი. 2016. 15:19



თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  საქართველოს შს სამინისტროს  ყოფილი  მაღალჩინოსნები - შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და   კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებაში. აღნიშნულზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


„სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკითხა 60-მდე მოწმე, გამოიკვლია 8 ტომი დოკუმენტალური მტკიცებულება და 7 ექსპერტიზის დასკვნა. გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა შემდეგი:

 

2009 წელს, ვასილ ლელუაშვილმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა ისეთი კომპიუტერული პროგრამის დამზადება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა, მათ შორის კომპიუტერთან ახლოს გამართული საუბრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა. ვ. ლელუაშვილის დავალების შესაბამისად, კუდ-ის თანამშრომლებმა 2011 წელს შექმნეს ასეთი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერული, ე.წ. „ვირუსული" პროგრამა და განახორციელეს სხვადასხვა პირების კომპიუტერებში შეღწევა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება.

 

2012 წლის 27 სექტემბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა იმჟამინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრზე ბ. სურმავაზე განახორციელა უკანონო ზემოქმედება და დაიყოლია იგი ვიდეოკამერის წინ ეთქვა მათ მიერ წინასწარ შედგენილი ტექსტი, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ბ. სურმავა ფარულად იწერდა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" წევრების საუბრებს. სინამდვილეში, ამგვარი ჩანაწერების მოპოვებას ვასილ ლელუაშვილის მითითებით, არასანქცირებულად და ფარულად ახდენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ მიზნებისთვის, შ. ხიზანიშვილმა უკანონოდ განკარგა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და სასამართლოს განაჩენით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეული თანხა 150 000 ევროს ოდენობით. 2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ვირუსული პროგრამის გამოყენებით მოპოვებული უკანონო ჩანაწერები ბ. სურმავას სახელით საჯაროდ გაავრცელეს ინტერნეტსაიტ „youtube"-ის მეშვეობით. 

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვასილ ლელუაშვილის დავალებით, შპს „მეცხრე არხის" საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, შპს „ლასარეს" კუთვნილ საბაჟო ტერმინალში, ელექტროშოკის გამოყენებით, მრავალგზის და განზრახ დააზიანეს შპს „ფინსერვისის", შპს „ბურჯის" და სს „ქართუ ჯგუფის" კუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების აპარატურა. დაზიანების შედეგად, ხსენებულ კომპანიებს ჯამში მიადგათ 813 114,49 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებაში, საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და  სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე, ვ. ლელუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, საბოლოოდ ვასილ ლელუაშვილს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

შ. ხიზანიშვილი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გადაწყვეტილების ამ ნაწილში გასაჩივრების თაობაზე პროკურატურა იმსჯელებს მას შემდეგ,  რაც სასამართლოსგან მიიღებს განაჩენს.

 

შეგახსენებთ, რომ ლევან ქარდავა უკვე დამნაშავედ არის ცნობილი ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე ჯგუფურად,  სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის  ვადით, ხოლო ვასილ ლელუაშვილი ბრალდებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსკ 333-ე მუხლის მე-3  ნაწილის „გ" ქვეპუნქტით. საქმე ეხება სხვისი პირადი ცხოვრების (სქესობრივი ურთიერთობის) ამსახველი ვიდეომასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტებს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner