2 ოქტომბერს ყარაბაღის ომში დაიღუპა პირველი ინგილო ქართველი, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის 19 წლის მკვიდრი, ისმაილ ირაპოვი, ხოლო 3 ინგილო ქართველი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სერგი კერესელიძე, ჟურნალისტი, საინგილოს მკვლევარი.
“კვირა” სერგი კერესელიძეს დაუკავშირდა:
მრავალი წელია საინგილოს თემაზე წერთ, გყავთ ინფორმაციის საკუთარი წყაროები, ხშირად ხართ საინგილოში, რას იტყობინებიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საგანგებო ვითარებაზე?
– მართალია, საომარი მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 27 სექტემბერს დაიწყო, თუმცა, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია აზერბაიჯანში ომამდე ჯერ კიდევ მინიმუმ 1 კვირით ადრე დაიწყო. ადგილობრივების ინფორმაციით, დაახლოებით, 19-20 სექტემბერს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდან და სოფელ მოსულიდან 7 ავტობუსით ინგილო ქართველები დისლოკაციის ადგილას გადაიყვანეს. ომის დაწყების შემდეგ, კახის რაიონიდან 28 მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველი ომში გაიწვიეს.
– რას იტყობინებიან ჩვენი თანამემამულეები?
– აზერბაიჯანშიც და სომხეთში ინტერნეტთან კავშირი ძალზე შეზღუდულია და იქაურ ქართველებთან დაკავშირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. ვისაც აქვს ქართული სიმბარათი და შედის ინტერნეტში, საქართველოს საზღვართან სიახლოვეს, ისინი მიკავშირდებიან, ბუნებრივია – ჩვენზე უფრო მეტად განიცდიან შექმნილ საომარ მდგომარეობას, რადგან ეს ომი აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველებს უშუალოდ ეხებათ. არავინ იცის, კიდევ რამდენ ახალწვეულს გაიწვევენ ომის გახანგრძლივების შემთხვევაში.
-მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, გაიწვიოს საკუთარი მოქალაქეები ომში…
– ნამდვილად ასეა, თუმცა, ქართული საზოგადოება, ყარაბაღის ომის მოვლენებთან ერთად, ინფორმირებული უნდა იყოს თავის თანამემამულეთა მდგომარეობის შესახებ აზერბაიჯანში, განსაკუთრებით – კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში. ყარაბაღის ომის დაწყებისას, 90-იან წლებში ბევრი აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველი დაიღუპა, რაც ქართული საზოგადოებისთვის თითქმის უცნობია (რამდენიმე წლის, წინ პირველად ქართულ მედიაში, გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ მე დავბეჭდე სტატია ამის შესახებ, თუმცა, ქართველი ისტორიკოსების კვლევის საგნად ეს მოვლენა დღემდე არ ქცეულა). ყარაბაღის ომში დაღუპული სამი ქართველის სახელობის ალიაბადის #1, სოფელ მოსულისა და ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალის სკოლები, თუმცა, არა ქართული, არამედ – აზერბაიჯანული სახელებითა და გვარებით (ზაქათალისა და ბელაქნის ეთნიკური ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას – 99%-ს ჯერ კიდევ ხრუშჩოვის პერიოდში, გასული საუკუნის 50-იან წლებში შეუცვალეს ძველი ქართული გვარები აზერბაიჯანულით, დღემდე პრობლემაა ბავშვებისთვის ქართული სახელის დარქმევაც). თუკი ზაქათალა-ბელაქნის რაიონებში პასპორტებში ქართული გვარების მატარებელი მუსლიმი ქართველების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია, კახის რაიონში მართლმადიდებელ ქართველებს დოკუმენტებში ქართული გვარები შენარჩუნებული აქვთ.
– ქართული გვარები მხოლოდ ოჯახებში ახსოვთ?
– ზოგიერთ ოჯახში ახსოვთ, განსაკუთრებით – უფროს თაობას, ზოგში კი უკვე დავიწყებული აქვთ – „ვისი გორისანი არიან“, თუმცა, ქართული ენის ინგილოური დიალექტის ალიაბათურ კილოზე მეტყველებენ, რაც ყველაზე ახლოს ფერეიდნულ დიალექტთანაა. ალიაბადის 4 სკოლიდან დღეისათვის ქართული სექტორი, სამწუხაროდ, მხოლოდ #1 სკოლაში შემორჩა და ქართული სექტორის ყველა კლასში 100-მდე მოსწავლე სწავლობს. წელს ამ უკანასკნელ ქართულ სექტორზე პირველ კლასში 10-მდე ბავშვი ჩაირიცხა. 15 000-მდე ქართველით დასახლებულ ტერიტორიაზე, მხოლოდ 100 ბავშვი რომ სწავლობს ქართულ სექტორზე, ძალიან ტრაგიკულია. მიუხედავად იმისა, რომ ალიაბადის მოსახლეობის 95%-ზე მეტი ეთნიკური ქართველია, სკოლებში ქართული სექტორების დაკეტვის გამო ჩვენი თანამემამულეები იძულებულნი არიან, შვილები აზერბაიჯანულ და რუსულ სექტორებზე შეიყვანონ. ალიაბადის მეზობელ სოფელ მოსულში 3000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს (სოფლის მოსახლეობის 99%). ალიაბადში მოსახლეობის უმრავლესობა დაღესტნელი ლეკი ბატონების ზეწოლით მე-19 საუკუნიდან სუნიტური ისლამის მიმდევარი გახდა. აქ ხოვრობენ როგორც ბაპტისტი, ისე მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველები. ალიაბადში როგორც მუსლიმებს, ისე ბაპტისტებს საკუთარი მეჩეთები და სამლოცველოები აქვთ, ხოლო მართლმადიდებლებს ერთი სალოცავი ან ეკლესიაც კი არ გააჩნიათ. თუ არ ჩავთვლით წარმოშობით ალიაბადელ მამა სვიმონს, რომელიც თბილისში მოღვაწეობს, ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირი ალიაბადის მიწაზე დაახლოებით საუკუნეზე მეტია არ ჩასულა ადგილობრივი მორწმუნეების მოსანახულებლადაც კი (შესაბამისად, მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა ალიაბადში მე-19 საუკუნის შემდეგ არ ჩატარებულა).
არსებობს ცნობები, რომ 1866 წელს ალიაბადის ცენტრში არსებული წმინდა სამების ქართული ეკლესია ლეკი მოლების ზეწოლით დაანგრიეს და 1876 იმავე ადგილას დიდი მეჩეთი, მინარეთი და მედრესი აშენდა, რამაც სოფლის მოსახლეობის საბოლოოდ გამუსლიმანება გამოიწვია (ამჟამად, ამ მეჩეთიდან მთელ დაბაში დღეში ხუთჯერ ხმის გამაძლიერებლებით ისმის აზანის ლოცვის ხმა).
ქართული წირვა-ლოცვა, ძირითადად, კახის წმინდა გიორგის ტაძარში ტარდება. ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ მცირერიცხოვან ქართველ მართლმადიდებლებს მოქმედი სალოცავიც კი არ გააჩნიათ და, უმეტესწილად, საკუთარი ქრისტიანული აღმსარებლობის დაფარვაც უწევთ დისკრიმინაციის გამო, ხოლო სრულიად მიტოვებული ძველი ქართული ეკლესია-მონასტრები ინგრევა. მათ შორისაა ქალაქ ზაქათალის ცენტრალურ პარკში მდებარე ჯვარგუმბათოვანი ტაძარიც, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.
– რა ნაბიჯებს დგამს ქართული სახელმწიფო, თუნდაც, ქართული დიასპორა ეთნიკურად ქართული მოსახლეობის მხარდასაჭერად?
– ზაქათალის რაიონის ინგილო ქართველები უკმაყოფილებას ვერ ფარავენ იმის გამო, რომ ქართველი დიპლომატები უკვე 10 წელზე მეტია, აღარ ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას. ალიაბადში საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდა ირაკლი მენაღარიშვილი, 2005 წელს განათლების მინისტრი – კახა ლომაია და სხვა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ 2009 წლის შემდეგ, 10 წელზე მეტია, ქართველი დიპლომატები არ შეხვედრიან ალიაბადისა და მოსულის ქართულ მოსახლეობას და ადგილზე არ გაცნობიან მათ პრობლემებს. გასულ 2 თებერვალს საქართველოს ახალი ელჩი, ზურაბ პატარიძე ალიაბადს ესტუმრა, თუმცა, ადგილობრივებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ამ ვიზიტის შესახებ და ელჩი ერთადერთი ქართული სექტორის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს არ შეხვედრია (ვიზიტის დროს, შაბათს სწავლა არ იყო). აზერბაიჯანულმა ადმინისტრაციამ მხოლოდ წინასწარ შერჩეული რამდენიმე ადამიანი შეახვედრა ელჩს, ხოლო ალიაბადის მოსახლეობამ მხოლოდ ელჩის წასვლის შემდეგ შეიტყო ამ ვიზიტის შესახებ. ინგილო ქართველებმა გასული წლის თებერვალში წერილითაც მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოითხოვეს ელჩის კიდევ ერთხელ ჩამოსვლა და თანამემულეების პრობლემების გაცნობა, თუმცა, სამინისტროდან დღემდე პასუხი არ მიუღიათ. არა მხოლოდ საინგილოში, არამედ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოშიც კი დღემდე არ არსებობს რეგისტრირებული და მოქმედი სათვისტომო ან ქართული დიასპორული ორგანიზაცია. ფაქტია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართულებს მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება. საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის მეგობრობა აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს. მე პირადადაც ვესწრებოდი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრას თბილისში. საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ რა უფლებებიც აქვთ მუსლიმებს საქართველოში, ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეს ქრისტიანებს აზერბაიჯანში და ასევე უნდა მოგვარდეს დავით-გარეჯის პრობლემაც, რაზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტიც დაეთანხმა. იმედია, ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობა მომავალში საინგილოს ქართველების უფლებრივ მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც ისევე დადებითად აისახება, როგორც ვხედავთ საქართველოს აზერბაიჯანელების შემთხვევაში.
-ქართულ მედიაში ძალიან იშვიათად შუქდება საინგილოს ქართველების პრობლემები და, ფაქტობრივად, ქართული საზოგადოება მოკლებულია ინფორმაციას აქვე, ალაზნის გაღმა მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე.
-საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონში ბაქოს ტელევიზიებს გახსნილი აქვთ ბიუროები და ჰყავთ საკუთარი კორესპონდენტები, რომლებიც აქტიურად აცნობენ აზერბაიჯანულ საზოგადოებას საქართველოს აზერბაიჯანელთა ყოფა-ცხოვრების, პრობლემებისა თუ მათი აქტივობების შესახებ. ჩვენ კი ბოლოს როდის მოვისმინეთ ინფორმაცია საინგილოდან, განსაკუთრებით კი – ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ქართველთა ხმა? ქვემო ქართლისგან განსხვავებით, არცერთ ქართულ ტელევიზიას თუ სხვა მედიასაშუალებას სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო დღემდე არ ჰყავს არცერთი კორესპონდენტი საინგილოში. იმედია, ქართული საზოგადოება, მედია და სახელმწიფო მომავალში მეტ ყურადღებასა და მზრუნველობას გამოიჩენს აზერბაიჯანის ისტორიული ქართული დიასპორის მიმართ.