logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეკოლოგიურ პრობლემებს მხოლოდ გამწვანებით ვერ მოვაგვარებთ, თუმცა ძალიან დიდია მისი წვლილიც
- +

7 ოქტომბერი. 2020. 02:22

 

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ თბილისში დაგეგმილ რამდენიმე მსხვილ პროექტზე ისაუბრა. დედაქალაქის მერის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე, დაავადებული ფიჭვების მოჭრა და მათი ახალი ნერგებით ჩანაცვლება, რომელიც „ფონდი ქართუს“ ჩართულობით განხორციელდება, ქალაქის მწვანე საფარის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

„ეკოლოგიურ პრობლემებს მხოლოდ გამწვანებით ვერ მოვაგვარებთ, თუმცა ამაში ძალიან დიდია გამწვანების წვლილი. მთაწმინდის ფერდობზე, დაახლოებით 700 ჰა ტერიტორიაზე, დეტალურ პროექტს ველოდებით და შესაძლოა, 16 მილიონზე მეტი დაჯდეს სამუშაოების განხორციელება. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გადამხმარი, დაავადებული და უმძიმეს მდგომარეობაშია. მერიას დაწყებული აქვს ჭრის ღონისძიებები. ფიჭვებს აქვს დაავადება, რომლისგან განკურნებაც შეუძლებელია. ამიტომ, აუცილებელია ამ დაავადებული ფიჭვების მოჭრა და გამწვანების განახლება. ეს მოხდება „ქართუს“ ჩართულობით“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის შეჩერებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, სარეკრეაციო ზონის შენარჩუნების მიუხედავად, ინვესტორის ინტერესები არ დაზარალდება და მას ექნება საშუალება, პროექტი სხვა ტერიტორიაზე განახორციელოს.

 

„ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საპარკო სივრცეში მიუღებელია 9-სართულიანი შენობა-ნაგებობის განთავსება. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ აქციებში და ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ტერიტორია გადაერჩინა. რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ ყველა ამ ადამიანის. ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენი სწორი მიდგომითა და პოლიტიკით, ეს პროექტი შეჩერდა. თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ინვესტორს, რომელსაც ჰქონდა სამშენებლო ნებართვა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით მათ ინტერესს და არაფერს ცუდს არ გავუკეთებთ, ჩვენ მზად ვართ ადგილმონაცვლეობისთვის, რათა ინვესტორმა, რომელმაც ეს ტერიტორია შეიძინა იმისთვის, რომ იქ გარკვეული თანხები დაეხარჯა, პროექტი განეხორციელებინა, სუფთა ბიზნესის თვალსაზრისით უყურებდა, არ გვინდა, ინვესტორი დავაზიანოთ და მზად ვართ ადგილმონაცვლეობისთვის“ - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძემ ვაკის პარკის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. მერის განცხადებით, ამჟამად საპროექტო სამუშაო მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ, ტენდერიც გამოცხადდება.

 

„ესაა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და რა თქმა უნდა, ძირითადი მახასიათებლები მაქსიმალურად შენარჩუნდება. უბრალოდ, მოწესრიგებული იქნება სანიაღვრე, სარწყავი სისტემები, განახლდება ხე-მცენარეები, დაავადებული, პრობლემური ხეები მოიჭრება, მოწესრიგდება ბილიკები, გაჩნდება სპეციალური ზონები პატარებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა კასკადის მოწესრიგება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. მიმდინარეობს პროექტირება. როგორც კი საპროექტო სამუშაოები დასრულდება, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს. ასე რომ, კასკადი აღდგება და დაიბრუნებს იმ ძველ სახეს, რომელიც ულამაზესი იყო“ - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner