27 ივნისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და არქეოლოგიური კომისიის წევრებმა: გურამ ლორთქიფანიძემ, გურამ გრიგოლიამ და ვახტანგ ჯაფარიძემ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები მოინახულეს.
აწყურის კათედრალურ ტაძარში არქეოლოგიური გათხრების დროს ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გამოვლინდა. როგორც არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი აცხადებს, ტაძრის ინტერიერში გამოვლენილია ძველ შენობათა ნაშთები, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ეს ძველი შენობების ნაშთები სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს წარმოადგენდა.
აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გარეთ კი აღმოჩენილია ადრეული შუა საუკუნეების კარგად შემონახული, აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები, ასევე ასომთავრული წარწერა და მრავალი სახის დეკორატიული ნივთი, რომელიც, სავარაუდოდ, მეათე საუკუნეს მიეკუთვნება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდთან" ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
აწყურის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები; აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.
არქეოლოგიურ სამუშაოებს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს.
აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი (ახალციხის მუნიციპალიტეტი), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია სამხრეთ საქართველოში. ტაძრის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები არ შემორჩენილა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია აღადგინეს სამცხის მმართველმა ათაბაგებმა, ჯაყელებმა - XIV-XV სს-ში. ტაძარი მხატვრულ- არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ამჟამად, ძეგლის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, როგორც არქიტექტურული, ასევე კონსტრუქციული თვალსაზრისით. ჩანგრეულია კამარა, დაბზარულია კედლები, საპირე წყობის დიდი ნაწილი ჩამოცვენილია და მორღვეულია კედლის ზედა მონაკვეთები. ფაქტობრივად, ტაძრის 2/3 დანგრეულია.