27 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და შიდა ქართლის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ონიაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს სვენეთსა და ახალშენს შორის მდებარე გუდაბერტყას ნამოსახლარზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერეს.
მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. ნამოსახლარზე მიმდინარე გათხრებს არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი ხელმძღვანელობს.
გუდაბერტყა შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამოსახლარია, რომელიც ორ კულტურულ ფენას მოიცავს. პირველ, ზედა ფენაში აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს-ადრე რკინის ხანის (ძვ. წ.აღ. XII-VII სს.) შენობათა ნანგრევები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ფურნე-ღუმელები, რიგ შემთხვევაში დაუზიანებელი, მთლიანი ჭურჭელი. მეორე, ქვედა ფენის გათხრებით კი აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს, მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ.აღ.XVII ს.) ნამოსახლარი - თითქმის მთელი ნაგებობების ნაშთები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ცენტრალურშვერილებიანი კერები, რომლებიც, როგორც წესი, შეღებილია წითელი საღებავით. წითელი საღებავითაა შეღებილი შენობის კედლების შიდა პირიც.
გუდაბერტყას არქეოლოგიური გათხრები მნიშვნელოვანი ობიექტია ტურისტული თვალსაზრისით. ამ არქეოლოგიურ საიტზე მისულ ტურისტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ როგორც უკვე აღმოჩენილ არტეფაქტებს, ასევე დაათვალიერონ არქეოლოგიური გათხრების პროცესიც. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე, სანახაობრივი თვალსაზრისით ეფექტური უბნების გამოსავლენი შესარჩევი სამუშაოებიც მიმდინარეობს, რომლებიც შემდგომში დაკონსერვდება და ტურისტული ობიექტის მოთხოვნების შესაბამისად ადაპტირდება.