logo_geo
eng_logo
კორტების ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდება
- +

7 ოქტომბერი. 2020. 13:43

 

 

იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების დედაქალაქისთვის დაბრუნების შემდეგ, ადგილზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით,  წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორიის ქალაქისთვის დასაბრუნებლად, თბილისის მერიამ ხანგრძლივი შრომა გასწია.

 

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. 

 

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორია 2009 წელს იქნა გასხვისებული და იქ მშენებლობები უნდა განხორციელებულიყო. რაც მერიაში დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, პირადად ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე, მე და ჩვენი თანამშრომლები ჩართულები ვიყავით მოლაპარაკებებში, რომ როგორმე ინვესტორთან მიგვეღწია შეთანხმებას იმისთვის, რომ კორტები დაბრუნებოდა მუნიციპალიტეტს. წარმატებით განვახორციელეთ ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ ეს ადგილი აღვადგინოთ პირველადი სახით", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება აუქციონი, რომლის პირობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებაა.

 

გამარჯვებულმა კომპანიამ 7 174 კვ.მ ფართობზე, ორი წლის ვადაში, უნდა მოაწყოს ოთხი ღია საჩოგბურთო კორტი, ერთი საცურაო აუზი (ღია ან დახურული) და ერთი სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. ობიექტის პრივატიზაციის პირველადი საწყისი თანხა 5 775 070 ლარს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner