logo_geo
eng_logo
პროკურატურა: არ არის გამორიცხული, დავითგარეჯის საკითხზე ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს
- +

7 ოქტომბერი. 2020. 15:00

 

 

„არ არის გამორიცხული, რომ დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების საქმეში ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს“, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ საქმეზე ერთ-ერთ ვერსიად მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გამოიკვეთოს.

 

როგორც ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს მუშაობა ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით.

 

„რაც შეეხება ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირებს, არ არის გამორიცხული, რომ გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობაც და ამის წინასწარ პროგნოზირება ვერ მოხდება, ამას გვიჩვენებს გამოძიება. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე. გამოძიება არის რთული პროცესი, სულ რაღაც ერთ თვეა ამ საქმეს ვიკვლევთ. გამოძიება მუშაობს რამოდენიმე ვერსიაზე, წინასწარ რთულია პროგნოზირება, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ. რთულია პროგნოზირება, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს, თუმცა რასაც სამართლებრივი მოცემულობა აჩვენებს, რა მტიცებულებებიც გამოიკვეთება, მხოლოდ მასზე დაყრდობით მიიღებს საქართველოს პროკურატურა გადაწყვეტილებას, როგორც დღეს მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულ პირთა დევნის შესახებ“, – განაცხადა წიკლაურმა.

 

საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ამასთან, დავითგარეჯის საქმეზე პროკურატურამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

 

„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს. სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner