„ქართული ოცნების“ გუნდი ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ საკითხს. ჩვენ ეს საკითხი არ წარგვიმართავს პოლიტიკურ კონტექსტში. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ჩვენი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აზერბაიჯანთან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამას ცდილობს სწორედ პოლიტიკური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობა“,- ამის შესახებ სააპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დაუშვებელია დავით გარეჯთან დაკავშირებული თემის პოლიტიზირება და ეს საკითხები უნდა წარიმართოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პასუხისმგებლობით, კეთილმეზობლური, პარტნიორული მიდგომით და სწორედ ამის შედეგად, უნდა დაისვას საკითხები ამ თემის გადახედვასთან დაკავშირებით.
მისივე განცხადებით, საკითხის პოლიტიზირებას რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ახდენენ.
„თუკი ვინმეს სურს, რომ ეს საკითხი გადაიტანოს პოლიტიკურ კონტექსტში და ამის პოლიტიზირება მოახდინოს, ამის პოლიტიზირება ეს არის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება. შესაბამისად, ამ საკითხის დასმიდან მოყოლებული, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენი ქვეყნის, მის კოლეგა მინისტრს შეხვდა და ამ საკითხზე ისუბრეს, თქვენ ნახეთ როგორი მაღალი დიპლომატიით და მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მოხდა ამ საკითხების გაჟღერება. მაქსიმალური სიფრთხილით, ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე და ჩვენ ვნახეთ იმავე დღეს თუ როგორ დაიწყეს პოლიტიზირება მთელმა რიგმა პოლიტიკურმა ჯგფებმა, განსაკუთრებით რადიკალურმა ჯგუფებმა. მიიტანეს იერიში საგარეო საქმეთა მინისტრზე, მიაყენეს შეურაცხყოფა, დაიბარეს საქართველოს პარლამენტში. მას მოუწია ამ შეურაცხყოფის ატანა და ამ ყველაფრის მიუხედავად, მას არ გაუსაჯაროვებია დამატებითი დეტალები. ვინაიდან ეს იყო მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რომ დაუშვებელია ამ თემით სპეკულირება, დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზირება და ეს საკითხები უნდა წარიმართოს ჩვენ ორ ქვეყანას შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, კეთილმეზობლური, პარტნიორული მიდგომით და სწორედ ამის შედეგად, ჩვენ უნდა დავსვათ საკითხები ამ საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით და ამის შემდგომ ჩვენი ამოცანაა ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედება“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.