თბილისში, დიღომში მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, 68 წლის ზვიად ყამარაული, რომელიც ღამის დარაჯი იყო, სამსახურში მისვლისას თანამშრომლების და უცნობი პირების ჩხუბს შეესწრო, რა დროსაც მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.
შსს-მ ჩაჩავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ღამით, თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრალდებულებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ ამავე სახელოსნოს დარაჯთან - 1947 წელს დაბადებულ ზვიად ყ-თან, რომელსაც სახის არეში მრავლობით დაზიანება მიაყენეს. ზვიად ყ. მიყენებული მძიმე დაზიანებებისგან შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლაშა კ. და მინდია მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.