logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე: სააკაშვილის განცხადება, ჟღერდა, როგორც გარკვეული დანაშაულის აღიარება
- +

8 ოქტომბერი. 2020. 01:54

 

 

„მაშინდელი ხელისუფლების ლიდერების რეაქცია ამ თემასთან დაკავშირებით, ერთი-ორად ამძაფრებს ეჭვებს ამ ლიდერების ჩართულობის თაობაზე ამ საქმეში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ საკითხის პოლიტიზება არ იყო მიზანშეწონილი და „ქართული ოცნების“ გუნდი მაქსიმალურად იკავებდა თავს ამ საკითხის პოლიტიზებისგან.

 

„ჩვენი მოწოდება იყო, რომ დავლოდებოდით სამართალდამცავების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას, გამომდინარე ამ საქმის განსაკუთრებულად მგრძნობიარე ბუნებიდან, თუმცა ამ საქმის პოლიტიზება სწორედ მათი მხრიდან მოხდა. ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილის პირველი განცხადება, ნამდვილად ჟღერდა, როგორც გარკვეული დანაშაულის აღიარება. პირდაპირ გადავიდა გარკვეული ციფრების დასახელებაზე და ბუნებრივია, ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები. დღევანდელი რეაქციაც დამატებითი ეჭვების საფუძველია. გაუგებარია, რატომ უნდა აწყობდეს ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს თავის განშტოებებით რატომ უნდა უნდოდეს ამ საკითხის პოლიტიზება, თუ მათ პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ და თუ მათ არ აინტერესებთ ამ საკითხის მიჩქმალვა, თუმცა ეს ვერ მოხდება, რადგან ერთი მხრივ საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და მეორე მხრივ, სამართალდამცავი ორგანოები უნდა დადგნენ მოწოდების სიმაღლეზე და მათ ნათელი უნდა მოჰფინონ ყველა გარემოებას. საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ესაა ქართული მიწის საკითხი და ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილი, ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა დეტალზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება.

 

რაც შეეხება მოტივს, ანგარება შეიძლება იყოს ამ დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მოტივი, თუმცა ჩემგან ამაზე საუბარი არასწორი იქნება და ამაზე უნდა ისაუბრონ სამართალდამცავმა ორგანოებმა, რა იდგა ამ ყველაფრის უკან, რა ამოძრავებდა ამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენს. ამის გარდა სხვა მსგავს საქმეებშიც იყო დანაშაული და შეგახსენებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. ოფიციალური სტატუსი მიანიჭეს ამ საზღვრებს, რაც ძალიან აწყობდა რუსეთს და რაც მოგვიანებით ძალიან კარგად გამოიყენა რუსეთის ფედერაციამ საკუთარი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად და დღემდე იყენებს. როდესაც საუბარია ბორდერიზაციაზე, ესეც არის სწორედ ამ დანაშაულებრივი ნაბიჯების შედეგი. გახსოვთ, რომ გამსახურდიას ხელისუფლებამ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ოლქი და შემდგომ გაუქმდა საზღვრები. იურიდიული სტატუსი ჩამოერთვა მთლიანად ამ საზღვრებს და ეს სტატუსი წინა ხელისუფლებამ დაუბრუნა ამ საზღვრებს, მიენიჭა ოფიციალური სტატუსი, რაც რუსებმა გამოიყენეს 2008 წელს, მათ შორის მაშინაც, როდესაც სარკოზის ჩართულობით იმართებოდა მოლაპარაკებები. იქაც შესაძლოა ანგარება იყო მოტივი, ან სხვა რამ დანაშაულებრივი მოტივი ამოძრავებდათ, თუმცა მთავარი ისაა, რომ ასეთი ტიპის არაერთი დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ეს დანაშაული მაინც გამორჩეულია, იმიტომ რომ განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხს ეხება საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner